PwC-ის ანგარიშის თანახმად, ხელოვნურ ინტელექტსა და ინფრასტრუქტურაში კაპიტალის აქტიური დაბანდების ფონზე, 2030 წლისთვის გლობალური სუვერენული საინვესტიციო ფონდების აქტივები დაახლოებით $15.2 ტრილიონიდან თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება.
კვლევის მიხედვით, მსოფლიოს უმსხვილესი სახელმწიფო და საპენსიო ფონდები პასიური დამფინანსებლებიდან გარდაიქმნენ "ძირითად ინვესტორებად", რომლებიც რეალურ ეკონომიკას სულ უფრო მეტად განსაზღვრავენ.
ერიკ იანსონის განმარტებით, რომელიც PwC-ში კერძო კაპიტალისა და ძირითადი ინვესტორების მიმართულებას ხელმძღვანელობს, ეს ინსტიტუტები მხოლოდ გარე მმართველებზე აღარ არიან დამოკიდებულნი, გარიგებებს თავად აფორმებენ და ოპერაციული როლით საკონტროლო წილებს იძენენ.
ინფორმაციისთვის, 2025 წელს სახელმწიფო ინვესტორებმა ხელოვნურ ინტელექტსა და გაციფრულებაზე დაახლოებით $66 მილიარდი მიმართეს. ამ კაპიტალის უდიდესი ნაწილი აშშ-მა მიიღო, ჩინეთში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა კი დაახლოებით $4 მილიარდამდე შემცირდა.
კვლევის თანახმად, აშშ-ის ბაზრისკენ განსაკუთრებით სპარსეთის ყურის სახელმწიფო ფონდები გადაიხარნენ, რასაც კატარული QIA-სა და აბუ-დაბიში დაფუძნებული MGX-ისა და ADIA-ს საინვესტიციო ვალდებულებებიც ადასტურებს.
გამონაკლისი აღმოჩნდა საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი, რომელმაც შიდა ბაზარზე ფოკუსირებისა და უცხოური აქტივების წილი თითქმის 30%-იანი პიკიდან დაახლოებით 20%-მდე შეამცირა.
























