მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სვანეთი ვერ გახდება ზამთრის კურორტი, სანამ მოკლე გზა არ გაკეთდება" - Gistola Hotel Mestia

გისტოლა

„სვანეთი არასოდეს გახდება ზამთრის კურორტი, სანამ მოკლე გზა არ გაკეთდება“, - ამის შესახებ BM.GE-სთან სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელმა, ირაკლი გურჩიანმა სვანეთის როგორც ზამთრის კურორტად ჩამოყალიბების პოტენციალსა და მოლოდინებზე საუბრისას აღნიშნა.

მისი შეფასებით, წელს გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობას არ ელოდებიან. გურჩიანი ვარაუდობს, რომ საახალწლო პერიოდში დაახლოებით 10 დღით შეიძლება სტუმრიანობა შეინიშნოს და დაახლოებით 50%-იანი ზრდა იყოს, თუმცა შემდეგ, მაისის ბოლომდე კვლავ სეზონის ჩავარდნაა მოსალოდნელი.

„მინდა გითხრათ, რომ ვიზიტორების კუთხით არაფერს არ ველოდებით. საახალწლო პერიოდში შეიძლება იყოს სტუმრების 10 -დღიანი მოზღვავება, დაახლოებით 50%-იანი ზრდა. გასულ წელს Freestyle-ის ჩემპიონატი ჩატარდა და ორი კვირის განმავლობაში ბევრი უცხოელი იყო ჩამოსული, რა დროსაც მთელმა მესტიამ შეიძლება ითქვას, რომ იმუშავა. წელსაც არის დაგეგმილი, თებერვლის ბოლოს 10-დღიანი ტურნირი, მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენთან სასტუმრო უკვე დაჯავშნილია, თუმცა მაისის ბოლომდე ისევ არაფერი არ იქნება. ახლა სასტუმრო ცარიელია. ოქტომბერშიც ცარიელი იყო. თუ არ ჩავთვლი 1-2 დაკავებულ ოთახს.

სვანეთი არასოდეს არ გახდება ზამთრის კურორტი, სანამ არ გაკეთდება მოკლე გზა, რომელიც სახელმწიფომ დააპროექტა, დააფინანსა და არ კეთდება. პროექტი 2016 წლის შემდეგ გაჩერებულია. მისი ღირებულება დაახლოებით 350 მლნ დოლარი იყო და თბილისიდან მესტიაში 3 საათში იქნებოდა ჩასვლა შესაძლებელი. ზოგადად, ზამთრის კურორტებს თბილისი ტვირთავს. შესაბამისად, თბილისელს 9 საათი ნამდვილად არ აქვს. მე თვითონაც არ წავიდოდი შაბათ-კვირას მესტიაში, რადგან ორი დღე გზაში უნდა ვიყო. ეს გვირაბი როდისმე თუ გაკეთდება, სვანეთი გახდება ზამთრის კურორტი. ახლა არ არის და არც იქნება. თუ ხალხი არ მოვიდა, ვის რად უნდა ამდენი ტყუილად განხორციელებული ინვესტიცია“, - აცხადებს გურჩიანი.

მისივე ცნობით, ინფრასტრუქტურა სვანეთში ბოლო პერიოდში არ განახლებულა. პრობლემაა დენი და ინტერნეტი, რომელიც სვანეთში მისივე თქმით, ფაქტობრივად არ არის.

„ინფრასტრუქტურულად ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მე-20 საუკუნის დასაწყისში. ხშირად დენის პრობლემაა. ძალიან დაბალი ძაბვაა. მთელი სვანეთი ძირითადად დენზე თბება, რადგან გაზი არ არის. ინტერნეტი კი სვანეთში საერთოდ არ არის. მხოლოდ მობილური ინტერნეტის გამოყენებაა შესაძლებელი. ჩვენ მართალია "სტარლინკი" დავაყენეთ და ეს პრობლემა აღარ გვაქვს, თუმცა "სტარლინკი" არ არის იაფი სიამოვნება და ბუნებრივია, ყველა ვერ დააყენებს მას თავის სასტუმროში“, - განაცხადა სასტუმროს დამფუძნებელმა.

ინფორმაციისთვის, ამჟამად, სასტუმრო "გისტოლაში" ერთი ღამით განთავსება საუზმით 110 დოლარი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები