მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ტურისტები და ძალიან სირცხვილია - "რედკოს" გენდირექტორის მოადგილე

5e131b68d5eae
ვიქტორია მღებრიშვილი
06.01.20 22:10
2381
31 დეკემბრიდან გუდაურში „რედკოს“ 3 000 ნომრიან აპარტამენტებს წყალმომარაგება შეუწყდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მიზეზი მილის დაზიანება იყო. მათვე გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "რედკოს" დასახლებას წყალმომარაგება აღუდგა, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ წყალი დღესაც არ აქვთ, ამჯერად მიზეზი დაბალი წნევაა.

ტურისტები სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან და ძალიან სირცხვილია, - ასე გამოეხმაურა BM.GE-სთან საუბრისას შექმნილ ვითარებას „რედკოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე მალხაზ კუნელაური.

მისი თქმით, შარშანდელთან შედარებით წელს ახალი წლის დღეებში მათ აპარტამენტებს ნაკლები დამსვენებელი სტუმრობდა, ერთ-ერთი მიზეზი კი უთოვლობა იყო. თუმცა, წყლის პრობლემების გამო უამრავმა დამსვენებელმა, მათ შორის ტურისტმა დატოვა.

„ბევრი ტურისტი გვყვავდა, დღეს კი ფაქტიურად დაიცალა აპარტამენტები და აღარავინ დარჩა, გუშინ კიდევ იყო ხალხი. ისინი განმარტებას ითხოვდნენ - როდის იქნება წყალი, ან რა გრაფიკით და ვერავინ ვერ უხსნის რატომ ხვდებათ ეს პრობლემები. მეც გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, რადგან არ ვარ წყლის მომწოდებელი კომპანია.

წელს ისეთი დატვირთვა „რედკოს“ გუდაურის აპარტამენტებს არ ჰქონია. 31 დეკემბერსაც დაახლოებით 50-60% იყო დატვირთვა, ამ ეტაპისთვის კი 10%-მდე შემცირდა. ტურისტები სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან და ძალიან სირცხვილია. ჯავშნები გაკეთებულია ბუქინგიდან, სხვა საიტებიდანაც. ჩვენი გვყავდა სტუმრები ევროპის ქვეყნებიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ინგლისიდან, შვედეთიდან“, - ამბობს მალხაზ კუნელაური.

„რედკოს“ გენდირექტორის მოადგილე მიუხედავად წყალმომარაგების კომპანიასთან აქტიური კომუნიკაციისა, პასუხისმგებლობას სრულად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას აკისრებს და ამბობს: „ჩვენ წყალში კომერციული ტარიფით 4.5 ლარს ვიხდით. ყველა კორპუსთან მოყვანილია გაერთიანებული წყალმომარაგების ქსელი და არის მრიცხველები დაყენებული. შესაბამისად პასუხისმგებელია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. ყოველ წუთს ვართ კავშირზე მათთან, თუმცა როდის მოგვარდება პრობლემა ჯერ არ ვიცით“, - უთხრა BM.GE-ს მალხაზ კუნელაურმა.

ცნობისთვის, გუდაურში „რედკოს“ აპარტამენტის ღირებულება ერთ დღე-ღამეში 100-დან 150 დოლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები