მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სხვა თანაბარ პირობებში ინფლაციის შემცირება თებერვლიდან დაიწყება - კობა გვენეტაძე

636205410e5b8
ინგა მურუსიძე
02.11.22 09:45
641
თებერვლიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება სხვა თანაბარ პირობებში და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

„როცა ვაანალიზებთ ინფლაციაზე მოქმედ ფაქტორებს, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევთ და ანალიზში ვრთავთ ხელმისაწვდომ ინფორმაციას ხელფასებთან დაკავშირებითაც. ესეც გარკვეულწილად მოთხოვნის ნაწილია. მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება, რადგან თუ ინფლაცია მოლოდინებში გადაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ ამან შეიძლება შექმნას ინფლაციის და ხელფასების გაზრდის სპირალი, რაც კარგი არ იქნება.

ზოგადად თუ ვისაუბრებთ, ჩვენი მოლოდინი არის, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია დაახლოებით იგივე დონეზე შენარჩუნდება, რაც ახლა გვაქვს იანვრის ჩათვლით და შესამჩნევი კლება უკვე უნდა იყოს იანვარში, ამის წინაპირობები და განმაპირობებელი ფაქტორები არის ის, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული ნარჩუნდება, ამავე დროს მივიღეთ მაკროპრუდენციული ზომები“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე არის ინდექსების კლება და ეს აუცილებლად უნდა აისახოს საქართველოშიც.

„ამავე დროს, ლარის გაცვლითი კურსი მყარია, რომელსაც ასევე თავისი პირობები აქვს. მოგეხსენებათ, ტურიზმის აღდგენა სწრაფად დაიწყო, მიგრანტების ნაკადი დიდია, ვფიქრობ, უფრო ეს გარემოებები განაპირობებს იმას, რომ თებერვლიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება სხვა თანაბარ პირობებში და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები