ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურის მიერ Adani Group-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ, აშშ-ის საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ მილიარდერი ინდოელი ბიზნესმენი, გაუტამ ადანი დაკითხვაზე დაიბარა.
როგორც მედია იუწყება, ადანიმ პასუხი უნდა გასცეს იმ ბრალდებებს, რომლითაც პროკურატურა სასამართლოს მიმართავს. კერძოდ, SEC-ის ინტერესის საკითხს ენერგეტიკულ სექტორში კონტრაქტების მოპოვების პრაქტიკა წარმოადგენს, რომელთა სანაცვლოდ, როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებს, გაუტამ ადანის ჰოლდინგმა მაღალჩინოსნები $250 მილიონით მოისყიდა.
აშშ-ში დაკითხვაზე გამოსაცხადებლად ადანის 21-დღიანი პერიოდი მიეცა და თუ ის SEC-ის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მაშინ, სავარაუდოდ, Adani Group-ის წინააღმდეგ საქმეს საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიაც აღძრავს, რომელსაც მრავალმილიარდიანი ჯარიმების გამოწერა სასამართლოს ნებართვის გარეშეც შეუძლია.
უშუალოდ პროკურატურის სარჩელს რაც შეეხება, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გაუტამ ადანის მოსყიდვაში და Adani Group-ს კორპორაციულ თაღლითობაში ადანაშაულებს.
ცნობისთვის, სასამართლოში საქმის აღძვრის სიახლე ინვესტორებმა იმდენად უარყოფითად მიიღეს, რომ ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში Adani Group-ში შემავალი კომპანიების ჯამური შეფასება 27 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც ჰოლდინგის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგია.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ინდოელ ბიზნესმენს თაღლითობაში ადანაშაულებენ, მანამდე, 2023 წელს, Forbes-ის რეიტინგში ის მეორე ადგილს იკავებდა და პირველობასაც უმიზნებდა. თვალისმომჭრელი აღმასვლის შემდეგ, ადანის არანაკლებ სანახაობრივი კოლაფსი მოუწია, რადგან სულ რაღაც ორ კვირაში Adani Group-ის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა 100 მილიარდი დოლარის კუმულაციური საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგეს, თავად ადანის ქონების შეფასება კი 80 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამ ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ აქტივისტ ინვესტორთა ჯგუფმა, Hindenburg Research-მა ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა იმასთან დაკავშირებით, რომ ადანის ბიზნესიმპერია სიცრუესა და კორუფციაზე იდგა, რასაც Adani Group-ის კაპიტალიზაციის შემცირება მოჰყვა.
Hindenburg-ის ანალიტიკოსების მტკიცებით, Adani Group-ის შვილობილი კომპანიები აქტიურად არღვევდნენ ბუღალტრული ანგარიშგების სტანდარტებს; შემოსავლებისა და მოგების მაჩვენებლები გაყალბებული იყო; აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე ხელოვნურად იყო გაზრდილი; დივიდენდები არა აქციონერებზე, არამედ ადანის ოჯახის წევრებზე რეგისტრირებულ ოფშორულ ფონდებზე ნაწილდება; ვალდებულებებისა და აქტივების შეფარდება რამდენიმეჯერ აჭარბებს ინდუსტრიის სტანდარტს; ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელებად და მენეჯერებად მხოლოდ ადანის ნათესავები და ახლო მეგობრები ინიშნებოდნენ; სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებების პრაქტიკა აჩენდა კითხვის ნიშნებს და რაც მთავარია, ჰოლდინგის აქტივები ხშირად არარეალისტურად, საბაზრო ღირებულებაზე ასჯერ უფრო ძვირადაც იყო შეფასებული.
ბუნებრივია, Adani Group-ის ინვესტორებს კარგად ესმით, რომ ადანის წარმატების ისტორია სამთავრობო კავშირებით და სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებითაა განპირობებული, თუმცა Hindenburg-ის ანალიტიკოსებმა ნათელი ადანის ბიზნესიმპერიის იმ ბნელ მხარესაც მოფინეს, რომლის არსებობის შესახებაც მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, კვლევითი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი, როგორც ჩანს, საკმარისი აღმოჩნდა გაუტამ ადანის ტახტიდან ჩამოსაგდებად. ამჯერად, როგორც ჩანს, ბრალდების მხარე არა უბრალოდ აქტივისტ ინვესტორთა გაერთიანება, არამედ ამერიკის პროკურატურაა, რაც საქმეს მნიშვნელოვნად ართულებს.