მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თაღლითური სქემები სასტუმრო ბიზნესში - სექტორი არაკეთილსინდისიერ ვიზიტორებზე საუბრობს

ონლაინ გადახდა სასტუმრო

სასტუმრო ბიზნესი არაკეთილსინდისიერი ვიზიტორებისგან მიყენებულ ზარალს ითვლის. როგორც სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, თაღლითური სქემებით ნომრების დაჯავშნა და შესაბამისი ტრანზაქციების ფაქტები მომრავლდა.

კერძოდ, სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ სტუმრები მომსახურებას იღებენ, საფასურს იხდიან, თუმცა სასტუმროს დატოვების შემდეგ ტრანზაქციას ასაჩივრებენ და მომსახურების საფასურს სერვისის გამწევი ვერ იღებს.

მისი თქმით, კერძო სექტორში განმარტავენ, რომ ბარათის მფლობელები საჩივარში აცხადებენ, რომ მათ მომსახურება არ მიუღიათ და საბანკო ოპერაცია თაღლითური გზით განხორციელდა.

“ზაფხულში განსაკუთრებით, როცა ცხელი სეზონი იყო, ამ პერიოდში ჩამოდიოდა ბევრი სტუმარი, რომლებიც თანხებს იხდიდნენ, თუმცა საკმაოდ ბევრი შემთხვევაა სხვადასხვა სასტუმროებში, როცა სტუმრები ფულის უკან დაბრუნებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ეს ჩვენ არ ვიყავით და სხვები იყვნენ.

თუმცა, ეს სტუმრები ჩამოვიდნენ, მომსახურება მიიღეს და სასტუმროებმა მათზე ბევრი ხარჯი გასწიეს. ბევრი ასეთი შემთხვევაა სხვადასხვა სასტუმროში.

ასეთი პრობლემები იყო რუსეთის მოქალაქეების მხრიდან, ასევე დუბაიდან და თურქეთიდან, ევროპიდანაც. გადახდებს მოჰყვა გასაჩივრებები. ისინი ამტკიცებენ, რომ სასტუმროში არ ყოფილან და სხვები იყვნენ, შესაბამისად, ითხოვენ გადახდილი ფულის უკან დაბრუნებას.

ეს თანხები, ამ ეტაპზე ბანკებს აქვთ დარეზერვებული, გაყინული, სანამ არ გაირკვევა, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. მერე გადაწყდება ბანკი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვითხოვდი, რომ ბანკებმა უფრო მეტად დაიცვან ჩვენი უფლებები, იმიტომ, რომ რეალურად, სტუმრები მოვიდნენ, დაისვენეს და ამის დამადასტურებელი ყველანაირი საბუთი გვაქვს.

სხვადასხვა სასტუმროებს სხვადასხვა მიმართულებით აქვთ ზარალი, ზოგან 10 000 ლარი, ზოგან 15 000 ლარი, ზოგან 20 000 ლარი”, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

მსგავს შემთხვევებზე საუბრობს სასტუმრო "შოთა რუსთაველის" გენერალური მენეჯერი ნინო ჩუბინიძეც. მისი თქმით, ამ გზით ვიზიტორები მომსახურებას იღებენ, თუმცა სანაცვლოდ სასტუმროები შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებენ და ზარალდებიან. ჩუბინიძის თქმით, ბანკები მომხმარებლების საჩივრებს ძირითად შემთხვევაში აკმაყოფილებენ და მათ გადახდილ თანხებსაც უბრუნებენ.

“ე.წ ფროდების შემთხვევები გვაქვს, წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ. ეს არ არის ძალიან გავრცელებული პრობლემა, მაგრამ მაინც ხდება. არ მგონია, საქართველო გამონაკლისი იყოს მაგ მხრივ, ყველა სხვა ქვეყანაშიც ხდება ასეთი ფაქტები. ასეთი შემთხვევები გვაქვს ხოლმე ისრაელიდან ან ევროპიდან გადახდებზე. ამჯერად რუსულ ბარათებზე ასეთი შემთხვევები აღარ გვქონია, იქიდან გამომდინარე, რომ რუსული ბარათები უბრალოდ ჩვენს სისტემებში აღარ ტარდება.

როგორც წესი, ეს ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც წინასწარ ხდება თანხის ჩამოჭრა, სერვისის მიღების შემდეგ კი სტუმარი მიდის და იწყებს გასაჩივრებას, რომ თანხა არასწორად მოეჭრა და ამ თანხის დაბრუნებას ითხოვს. სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, არ ვიცი ჩვენი საბანკო სექტორის გამო ხდება თუ ვიზა/მასტერქარდის რეგულაციების გამო, ბანკი თანხას მომხმარებელს უბრუნებს და ძალიან იშვიათად, სასტუმრო ბიზნესის გამართლება მოხდეს. ბანკები ჩვენს სასარგებლოდ ხშირად არ იღებენ ხოლმე გადაწყვეტილებას", - ამბობს ნინო ჩუბინიძე.

სასტუმრო ბიზნესში არსებული ე.წ ფროდების შემთხვევებზე და ამ კუთხით არსებულ პრაქტიკაზე უფრო მეტი დეტალის მოსასმენად საბანკო ასოციაციასაც დავუკავშირდით, თუმცა ბანკების გაერთიანებაში საკითხზე დამატებით კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები