მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტაილანდში საქართველოს ასობით მოქალაქეა ჩარჩენილი... საელჩო ვერ გვეხმარება" - ტუროპერატორი

ეარ არაბია

ტაილანდში საქართველოს ასობით მოქალაქეა ჩარჩენილი. მათ შორის არიან ტურისტული კომპანია Wonderfly-ის გასტროტურით წასული 43 ადამიანი, რომელთაც ბანგკოგიდან ავიაკომპანია "ეარ არაბიას" ფრენა დუბაის გავლით 6 მარტს ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ავიაკომპანიამ მათ შეატყობინა, რომ რეისები გადადეს 9 მარტამდე.

bm.ge-სთან ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი სოფო ღვინიაშვილი ამბობს, რომ ჯერ ზუსტად ისიც არ იციან, შესრულდება თუ არა 9 მარტის რეისიც.

„იქ დაგვრჩა 43 ადამიანი. როგორც ვიცით, იქ კიდევ არის საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, 100-ზე მეტი არის როგორც ვიცი. საელჩოსთან გვაქვს კომუნიკაცია, მაგრამ ვერაფრით გვეხმარებიან, ჯერჯერობით, გარდა იმისა, რომ რაღაცა მარშრუტების მოძიებაში მოგეხმარებითო, რომელიც ჩვენც შეგვიძლია. მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ბილეთები არ არსებობს. არის 7000-ლარიანი ბილეთები ყაზახეთის გავლით ან ჩინეთით და ასტრონომიულ თანხებზე არის საუბარი. ახლა სასტუმროში არიან და იქ [დარჩენის პერიოდი] მინიმუმ 10 მარტამდე უნდა გადავწიოთ. ვიცი, რომ მთლიანად რეგიონში ანუ არა მარტო ტაილანდში, შრი-ლანკაშიც, ჯამში, დაახლოებით, 400 ადამიანია”, - აღნიშნა სოფო ღვინიაშვილმა.

Wonderfly-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ კომუნიკაცია ჰქონდათ Air Arabia-ს როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონის წარმომადგენლებთან, თუმცა ავიაკომპანია ჯერჯერობით, მხოლოდ ე.წ. Credit Refund-ს სთავაზობს ტაილანდში ჩარჩენილებს.

“ჩვენ ვითხოვეთ ავიაკომპანიისგან, რომ სპეც-რეისი შეესრულებინა იმიტომ, რომ ვინაიდან ამდენი ადამიანია, რაღაცა ნაწილს ხალხი გადაიხდიდა და იმდენი ადამიანია იქ, რომ ერთ ბორტს გაავსებდა. ამისთვის ყველა მზად იყო და სამწუხაროდ ამაზეც უარი გვითხრეს”, - აღნიშნა მან.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მოლოდინი აქვთ, რომ სახელმწიფომ დახმარებას აღმოუჩენს.

ცნობისთვის, bm.ge-ს ტაილანდიდან თავდაპირველად იქ ჩარჩენილი მოქალაქეები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ იქიდან გამოფრენას ვერ ახერხებენ.

"Air Arabia-მ 6 რიცხვის თბილისში დაბრუნების რეისი გააუქმა, რომელიც დუბაის შარჟას გავლით იყო დაგეგმილი. ამ ეტაპზე ალტერნატივას არც გვთავაზობს. საელჩო და სახელმწიფო სტრუქტურები საქმის კურსშია არიან. აღმოჩნდა, რომ Air Arabia-ს 130 მგზავრია იგივე მდგომარეობაში და სულ ტაილანდში 600 მგზავრია დარჩენილი", - შეატყობინა სულხან ჯაშმა bm.ge-ის.

bm.ge შეეცდება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები