ავტორი: სალომე ზაალიშვილი
ცნობილი იაპონელი ხელოვანის ტაკაში მურაკამის და ბრენდ Louis Vuitton-ის კიდევ ერთი კოლაბორაციის ჩვენება პარიზში მიმდინარე ხელოვნების ბაზრობა Art Basel-ზე შედგა. ტაკაში მურაკამიმ რომელიც ბრენდებთან წარმატებული თანამშრომლობითაა ცნობილი და უკვე მესამედ თანამშრომლობს Louis Vuitton-თან ამ ჯერზე მოდის სახლისთვის 11 ჩანთა შექმნა. Artycapucines-ის კოლექციის ჩანთებზე მისი საფირმო მოტივებია გამოსახული. კოლექცია ფანტასტიკური რვაფეხას ფონზეა გამოფენილი და მისი დათვალიერება პარიზში Grand Palais-ში, ხელოვნების ბაზრობაზეა შესაძლებელი.
ლიმიტირებული სერიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ Louis Vuitton-ის ოფიციალურ ვერ გვერდზე გაეცნოთ, თუმცა როდის იქნება შესაძლებელი ჩანთების შეძენა და რა ფასად ჯერ ცნობილი არ არის.

Capucines Mini Tentacle
Artycapucines-ის ფარგლებში მურაკამი პირველად გვთავაზობს სრულად სამგანზომილებიან ნამუშევრებს, როგორიცაა Capucines Mini Tentacle, ვარდისფერი ჩანთა, რომელიც შთაგონებულია 2017 წლის სკულპტურით “DOBtopus”. სკულპტურა მხატვრის ალტერ-ეგო პერსონაჟის მისტერ დობის განსახიერებაა რვაფეხას სახით.
მურაკამი საკუთარი დიზაინის ჩანთებთან ერთად
მხატვარმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგია საგრძნობლად განვითარდა მას შემდეგ, რაც მან პირველად ითანამშრომლა ბრენდთან. კოლაბორაცია პირველად Louis Vuitton-ის 2003 წლის გაზაფხულის ჩვენებაზე იქნა წარდგენილი, მაშინდელი კრეატიული დირექტორის, მარკ ჯეიკობსის ხელმძღვანელობით. მურაკამის პირველი კოლექცია განახლებული სახით მყიდველისთვის მიმდინარე წელს 200-ზე მეტი ნივთით წარდგა. ესენია ჩანთები, სხვადასხვა აქსესუარები, აბრეშუმის შარფები, სათვალეები, სამკაულები და ა.შ
კოლექციის ყველაზე გამორჩეული ჩანთა 450-ზე მეტი ცალკეული ელემენტისგან შედგება, მის შექმნას 75 დღე სჭირდება. ჩანთის თითოეული დეკორატიული ელემენტი პოლიმერისგანაა დამზადებული.
მურაკამი 2000-იანების დასაწყისის შემდეგ ბრენდის ტექნოლოგიურ წინსვლაზე საუბრობს და განმარტავს. “მაგალითად, იმ დროს ჯინსი, როგორც ჩანთის დასამზადებელი მასალა, არ განიხილებოდა, ხოლო ახალი მასალებით სამ განზომილებიანი დეკორატიული ელემენტების შექმნა და ლითონის ელემენტების ტექნიკური შესრულება აღტაცებას იწვევს. ამას ისეთი მხატვრების სტუდიებიც კი, როგორიც ჩემია ვერ აღწევენ”

Artycapucines-ის პროექტის ჩანთები
Louis Vuitton-ის მოდების სახლმა Artycapucines-ის პროექტი 2019 წლიდან დაიწყო. სახელი იმ ქუჩის პატივსაცემად შეირჩა, სადაც თვით ლუი ვიტონმა პირველი მაღაზია გახსნა 1854 წელს – Rue Neuve-des-Capucines. იკონური დიზაინის ჩანთა Capucines-ი შესანიშნავ ტილოდ იქცა 30 თანამედროვე ხელოვანისთვის უნიკალური ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად.




























