მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Take-Two Interactive-ის აქციების ფასი კვლავ იზრდება

gta
BM. GE
29.06.25 12:20
103

მას შემდეგ, რაც Take-Two Interactive-მა გახმაურებული თამაშის, GTA 6-ის გამოქვეყნება 2026 წლის 26 მაისამდე გადაავადა, კომპანიის აქციების ფასი ბირჟებზე დაეცა. მიღებულმა გადაწყვეტილებამ თამაშის გამოსვლა ნახევარი წლით გადაწეულიყო, ინვესტორები შეაშფოთა. უნდა აღინიშნოს, რომ GTA 6-ის მიმართ დაინტერესება გეიმინგ-ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მაღალია. სწორედ ამ მასშტაბის დაინტერესების ფონზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია კომპანიის აქციების ფასის 8%-ით შემცირება.

GTA 6-ის გამოშვების გადავადებით გაჩენილი უკმაყოფილების გადაფარვა TTWO-მ თამაშის მეორე ტრეილერისა და ოფიციალურ გვერდზე დამატებითი მასალების გამოქვეყნებით სცადა. ტაქტიკამ გაამართლა და ფანებისა და ინვესტორების განწყობა კომპანიის მიმართ კვლავ გაიზარდა. აქციის ფასები მეტწილად ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ანალიტიკოსების შეფასებით, Take-Two Interactive-ი მოახერხებს გაჟღერებული დაპირების შესრულებას. ისინი მოელიან, რომ კომპანიის ერთი აქციის ფასი ბირჟაზე $230-მდე გაიზრდება.

გეიმინგ-ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, კომპანიის მიერ თამაშის გადავადება არა უარყოფითად, არამედ დადებითად იმოქმედებს დასახულ მიზანზე. დეველოპერებისთვის მეტი დროის მიცემით, TTWO-ს შვილობილი Rockstar Games-ი მოახერხებს თამაშის იმ დონემდე მიყვანას, რომელსაც ასე ელიან ერთგული გეიმერები და ინვესტორები. GTA 6-ის დაუსრულებელი ვერსიის გამოქვეყნება მხოლოდ იმ მიზნით, რომ კომპანიას დაპირებულ დროში ჩაებარებინა პროდუქტი, უარყოფითად აისახებოდა არამარტო გაყიდვებზე, არამედ, გრძელვადიანად, ფრენჩაიზის რეპუტაციაზე. ამ მხრივ შეგვიძლია გავიხსენოთ პოლონური CD Projekt Red-ის მიერ გამოქვეყნებული Cyberpunk 2077. კომპანიამ დაპირებული ხარისხის შეთავაზება მოთამაშეებისთვის დათქმულ დროში ვერ შეძლო. ამან როგორც აქციის ფასებზე, ისე თამაშის რეპუტაციაზე კატასტროფულად იმოქმედა.

Take-Two Interactive-ის წარმომადგენლებს მსგავსის შიში ნამდვილად არ აქვთ. პირიქით, ისინი იმედოვნებენ, რომ ახლად გამოქვეყნებული თამაში ისეთივე ეპოქალური იქნება, როგორც GTA-ს ყველა სხვა წინა ვერსიები. კომპანია გააგრძელებს მუშაობას მაღალხარისხიანი თამაშებისა და გეიმერებისთვის ისეთი გამოცდილების შეთავაზებას, რომლის დონემდე მისვლა კონკურენტებს დღემდე უჭირთ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები