30 ივლისის ღამეს, უკრაინელებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ტამანის პორტზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ობიექტზე ძლიერი აფეთქებები მოხდა და ხანძარი გაჩნდა. იერიში Tamanneftegaz-ის საწვავის ტერმინალზე განხორციელდა და იქ მოგვიანებით ხანძრის რამდენიმე კერა დაფიქსირდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო 24 საათში 258 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, საჰაერო სამიზნეები ვოლგოგრადის, პენზის, როსტოვისა და ტამბოვის ოლქებში, ასევე ადიღეში, აზოვისა და შავ ზღვებში გაანადგურეს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასულ ღამეს უკრაინელებმა იერიში პენზაში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრზეც მიიტანეს, რამაც ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გააჩინა.
ცნობისთვის, ტამანის პორტი სამხრეთ რუსეთის ერთ-ერთ საკვანძო ლოგისტიკურ ჰაბად მიიჩნევა. ანექსირებულ ყირიმთან სიახლოვის გამო, ის სამხრეთის მიმართულებით მოქმედი სამხედრო ნაწილებისა და შავი ზღვის ფლოტის საწვავით მომარაგებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამასთან, სწორედ ამ ლოგისტიკური ცენტრიდან ენერგორესურსების ექსპორტით მიღებული შემოსავლები რუსეთის თავდაცვითი პროგრამების დაფინანსებისთვის ერთ-ერთ მთავარ წყაროდაა ქცეული..
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ტამანის პორტის ინფრასტრუქტურაზე უკრაინამ თავდასხმა აქამდეც, კერძოდ, 13 მაისს განახორციელა, თუმცა ჰაბმა საქმიანობის აღდგენა მალევე შეძლო.




























