მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამარ გაბუნია ექთნის გარდაცვალებაზე - მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, უკავშირდებოდა თუ არა ეს შემთხვევა ვაქცინაციას

60547085c5add
ინგა მურუსიძე
19.03.21 13:35
1825
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი პირველები მოვხვდით Covid-19-ის ვაქცინის ანაფილაქსიური რეაქციების სიაში და შედეგიც ცუდი მივიღეთ. ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე „იმედის“ ეთერში ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებას, რომელიც გუშინ კომაში ჩავარდა, დღეს კი მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

„დიდი დანაკარგია ოჯახისთვის, ჩვენთვის და სიტყვები არ მყოფნის, რამდენად მძიმეა ჩვენთვის ამ თემაზე საუბარი. წინასწარი დიაგნოზი არის მძიმე ანაფილაქსიური რეაქცია, შოკი. დღეს კიდევ დამატებით ჩატარდება ანალიზები, რომ ეს დიაგნოზი დადასტურდეს. კლინიკურად ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა კომისია, რომელიც საკითხზე მუშაობს, მიზეზშედეგობრიობის დასადგენად, სრულად უნდა იყოს ინფორმირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე გლობალურად ვაქცინაციის პროგრამისთვის, რადგან „ასტრაზენეკას“ ფონზე აღწერილი არის ანაფილაქსიის რეაქციები, მილიონიდან 4-5- შემთხვევა. სამწუხაროა, რომ ჩვენთან პირველივე კვირაში დაფიქსირდა ამ ტიპის რეაქცია, თუმცა მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, უკავშირდებოდა თუ არა ეს შემთხვევა ვაქცინაციას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად მომხდარისა, კრიზისი სწორად უნდა იმართოს და შესაბამისად, უნდა მოხდეს ვაქცინაციის პროცესის მართვაც.

„სერიოზული გვერდითი რეაქცია მოიცავს რეაქციას, რომელიც დასრულდა ლეტალობით და სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში ასე მოხდა. ასეთ დროს ქვეყნებში ყოველთვის დგება საკითხი, რამდენად სარისკოა და უნდა გაგრძელდეს თუ არა ვაქცინაცია, აქედან გამომდინარე, მთავარია ის, რომ სწორად შევაფასოთ რისკი და ვაქცინაციის სარგებელი. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი პირველები მოვხვდით ანაფილაქსიური რეაქციების სიაში და შედეგიც ცუდი მივიღეთ, მაგრამ კრიზისული კომუნიკაცია და რისკის მართვა ნიშნავს მთლიანად ვაქცინაციის პროცესის სწორად მართვას“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა შესაბამისი ორგანოები.

შეგახსენებთ, შემთხვევა 18 მარტს, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში მოხდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 27 წლის ექთანმა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაიკეთა აცრა, რის შემდეგაც, დაახლოებით 30 წუთში, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მისივე თქმით, მომხდარის შესწავლა მიმდინარეობს და აცრასთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ნებისმიერ ვაქცინას თანამდევი რეაქცია მოჰყვება და ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა ან ანაფილაქსიური რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები