მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდით“ - ჩინელებმა საქართველოში ტურისტული ბიზნესი დაიწყეს

თბილისი

„თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდით“ - ტუროპერატორების ნაწილი აცხადებს, რომ ჩინეთიდან ტურისტული ვიზიტების გააქტიურების ფონზე ქვეყანაში ტურისტული საქმიანობა თავად ჩინურმა კომპანიებმა დაიწყეს, ტურებს თავად გეგმავენ და განთავსების ობიექტებსაც თავად ჯავშნიან.

ის, რომ ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადები გაზრდილია, ამას მოწმობს ოფიციალური სტატისტიკაც. წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყანაში ჩინეთიდან მოგზაურების რაოდენობა 100%-ზე მეტად არის გაზრდილი. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის I-III კვარტალში ქვეყანაში ჯამში 66 485 ჩინელი მოგზაური ჩამოვიდა, რაც წლიურად 101,4%-იანი ზრდაა. მხოლოდ მესამე კვარტალში საქართველოს 33 632 ჩინელი მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 65,2%-ით აღემატება. აღსანიშნია ისიც, რომ წლის 9 თვის მონაცემი პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელსაც აღემატება, რა დროსაც წლის განმავლობაში საქართველოს ჯამში 48 ათასი ჩინელი მოგზაური სტუმრობდა.

გაზრდილი სტატისტიკა ძირითადად მსხვილი სასტუმროების დატვირთულობაზე აისახა, რადგან როგორც ტურისტული ბიზნესი ამბობს,ჩინელი ტურისტები ძირითადად მაღალი კლასის სასტუმროებით ინტერესდებიან. HSC Group Hospitality დირექტორი და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველი გიორგი დოლიძე bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მათ შემთხვევაში ჩინელი ტურისტების რიცხვი გაორმაგებულია და ეს მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია ჩინეთ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლასთან და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების გაზრდასთან.

„ჩინელი ტურისტების რიცხვი ფაქტობრივად გაორმაგებულია, რაც სასიხარულოა ჩვენთვის და ტურისტული კომპანიებისთვისაც. ისინი ძირითადად შემოიფარგლებიან ერთკვირიანი და მეტი ხნით ვიზიტებით, ასევე არჩევენ კომბინირებულ ტურებს, რაც შემოიფარგლება საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანით, რადგან ამხელა მანძილზე მიუხედავად პირდაპირი ფრენებისა არ უღირთ ჩამოვიდნენ 2 და 3 ღამით ან იმისთვის, რომ მხოლოდ ერთი ქვეყანა ნახონ. უყვართ ევროპელებივით წინასწარ დაგეგმვა. ტურისტულ კომპანიებსაც სთხოვენ გაუკეთონ მომავალი წლის ჯავშნები, რაც დიდი მოცულობით გვაქვს ჩვენც მიღებული“,- აცხადებს გიორგი დოლიძე.

ტურისტული ბიზნესისთვის ჩინეთის ბაზარი მისი ზომიდან გამომდინარე საინტერესოა, თუმცა ამ ბაზრიდან ტურისტული ნაკადების ზრდის მოლოდინები ბევრი მათგანისთვის არ გამართლდა. როგორც ირკვევა, ჩინელებმა თავად დაიწყეს საქართველოში ტურისტულ სექტორში საქმიანობა, თავად გეგმავენ ტურებს, ჰყავთ საკუთარი გიდები და უმეტეს შემთხვევაში ქართული ტურისტული კომპანიების გვერდის ავლით ჯავშნიან სასტუმროებს. აღსანიშნია ის, რომ სწორედ ასეთი მოლოდინები შეიქმნა სექტორში ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ განაცხადა.

„ჩინეთის ბაზარი არის საკმაოდ საინტერესო და მზარდი. პანდემიამდე ჩვენ ვმუშაობდით ამ ბაზარზე, ჩარტერიც გვქონდა 8 თვის განმავლობაში, სულ სხვა მოცემულობა და სურათი იყო. ახლა უვიზო რეჟიმია და მეტი პირდაპირი ფრენაა დანიშნული, თუმცა სამწუხაროდ, მოლოდინები არ გამართლდა. მათ მოჰყვებათ ტურლიდერი, გიდიც, თვითონვე არეგისტრირებენ საქართველოში კომპანიებს, თვითონვე აფორმებენ ხელშეკრულებებს სასტუმროებთან და თამაშგარე სიტუაციაში აღმოჩნდა ტუროპერატორები და ტურისტული კომპანიები. სავსეა ქალაქი ჩინელი ტურისტებით, თუმცა ჩვენ ვართ თამაშგარე მდგომარეობაში.

კი ჩინურენოვანი გიდების დეფიციტი არის ბაზარზე, თუმცა არიან კვალიფიციური გიდები, რომელთა ნაწილი არ არის დასაქმებული. ვფიქრობ, მათ გიდებს არ უნდა შეეძლოთ თავისუფლად ჩვენს ტერიტორიაზე საქმიანობა, არ ვიცით რა კუთხით გააცნობენ ტურის მონაწილეებს ჩვენს ქვეყანას. ამას სხვა ქვეყანაში ვერც გაბედავენ, მაგრამ ჩვენთან ამას არავინ აკონტროლებს. ამის მაგალითია ის, რომ მე და ჩემი ჩინურენოვანი მეგობარი ვიყავით ძველ თბილისში, დიდ ჯგუფს ხელმძღვანელობდა მათი გიდი, სულ სხვა ისტორიებს უყვებოდა, მნიშვნელოვან ძეგლებთან არც შეჩერდნენ. ასეთი რამ დაუშვებელია“,- აცხადებს ნონა ფოლადაშვილი, ტუროპერტორი კომპანია „ტოპ ტურის“ კომერციული დირექტორი.

გიდების ნაწილი ჩინეთიდან ტურისტების გააქტიურებას ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლას არ უკავშირებს, თან იმ ფონზე, როცა ავიამიმოსვლის ღირებულება ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილია. მათი თქმით, საქართველო ჩინელი მოგზაურისთვის კომბინირებული ტურის ნაწილია და დიახ, არიან ჩინური კომპანიები, რომლებიც თავად აორგანიზებენ სად იმოგზაურონ.

„არ არსებობს ჯგუფი, რომელიც ჩამოდის მხოლოდ საქართველოს სანახავად, ისინი ჯამში სამ ქვეყანას ნახულობენ. ქართულ ტურისტულ კომპანიებს, რომელთანაც მე ვთანამშრომლობ, იქ ყველა გიდი ვართ ადგილობრივი, მაგრამ გარდა ქართული ტურისტული კომპანიებისა რამდენიმე ჩინური კომპანიის შესახებ მეც მაქვს ინფორმაცია, რომლებიც თვითონ აორგანიზებენ მარშრუტებს. მათ დაგეგმილ მარშრუტებს ყველას ეტყობა, რადგან მე ვყოფილვარ ჩინელების დაგეგმილ ტურში და აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რაც არის დაგეგმილი ქართული კომპანიის მიერ“,-აცხადებს ჩინურენოვანი გიდი ელზა ბებია.

„ისინი უკვე თავად აკეთებენ ბიზნესს საქართველოში, თავად ჯავშნიან სასტუმროებს, თავად ჰყავთ ჩინურენოვანი გიდები, ავტობუსის მომსახურებასაც თავად იღებენ და ზოგადად ამ ბიზნესს აკეთებენ თავად. ამასთან, ქართული კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში მათ გაეზარდათ ასევე მოთხოვნა ჩინური ბაზრიდან, გაზრდილია მოთხოვნა მათი მხრიდან სასტუმროებზე, მაგრამ ხაზგასასმელია ისიც, რომ ისინი ჩამოდიან დიდ ჯგუფებად და მათ სჭირდებათ დიდი განთავსების ობიექტები“,- აცხადებს bm.ge-სთან მაგდა დუნდუა, სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია „ფლექს მენეჯმენტ გრუპის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები