მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თამაშობანა“ ზაფხულში თბილისში დარჩენილი ბავშვებისთვის დღის ბანაკს ხსნის - რა ეღირება?

648af72c903e2
სალომე ხიდურელი
18.06.23 19:00
660
ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი „თამაშობანა“ საკუთარ სივრცეში საბავშვო დღის ბანაკს მოაწყობს, - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა ნაუ სონღულაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, „თამაშობანას“ დღის ბანაკი პრობლემას ჭრის იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ზაფხულის მანძილზე ბავშვებს ქალაქგარეთ ვერ უშვებენ და თბილისშივე ეძებენ გამოსავალს.

„ვართ მშობლები, ვინც ქალაქში ვართ, ვმუშაობთ და სამწუხაროდ, მთელი ზაფხული გასვლას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ბავშვები ხშირად იჩაგებიან. სწორედ ასეთი მშობლებისთვის არის დღის ბანაკი გამოსავალი, სადაც სამუშაო კვირის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დილით დატოვოს ბავშვი და დღის ბოლოს წაიყვანოს“, - ამბობს ნაუ სონღულაშვილი.

„თამაშობანას“ ბანაკი პირველ ნაკადს 26 ივნისს მიიღებს. დამფუძნებლის თქმით, ბანაკი ბრენდის სამაგიდო თამაშებით გართობის გარდა, სხვადასხვა გასართობ თუ შემეცნებით აქტივობას მოიცავს.

„ჩვენი ლოკაცია საშუალებას იძლევა, რომ ვერის ბაღში საკმაოდ ადვილად შევძლოთ ბავშვების ეზოში გაყვანა და საგარეო აქტივობების ჩატარება, მათ შორის საბავშვო იოგა, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადი აქტივობა გახდა წლების განმავლობაში. გარდა ამისა, გვექნება მუზეუმებში გასვლა კვირაში 2-ჯერ, დანარჩენი დრო კი ჩვენს სამაგიდო თამაშებს და სხვადასხვა კრაფტ-აქტივობას დაეთმობა.

ასევე, რადგან ჩვენი კაფე გვაქვს, იმის შესაძლებლობაც გვექნება, რომ ბავშვებზე მორგებული კვებაც გვქონდეს“, - ამბობს ნაუ სონღულაშვილი.

დღის ბანაკი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იმართება, ნაკადების რაოდენობა კი, „თამაშობანას“ დამფუძნებლის თქმით, მოთხოვნიდან გამომდინარე განისაზღვრება. კვებასთან ერთად, ბანაკის ღირებულება 350 ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები