ქართველი ანტრეპრენიორის, თამაზ გიორგაძის მიერ 2012 წელს, გერმანიაში დაფუძნებული ფინტექ-პლატფორმის, Raisin-ის შეფასებამ ორ მილიარდ ევროს გადააჭარბა. გამოდის, რომ გასულ ერთ წელიწადში, Raisin-ის შეფასება, სულ მცირე, გაორმაგდა.
ეს ცნობა, თავდაპირველად, გამოცემა Finance FWD-მ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, Raisin-ის შეფასება ორიდან სამ მილიარდ ევრომდე მერყეობს, მაგრამ კონკრეტულ თანხას კომპანიაში არ ასაჯაროებენ. როგორც ირკვევა, კომპანიის შეფასების გაზრდა უახლესი საინვესტიციო რაუნდის შედეგად €100 მილიონის მოზიდვას უკავშირდება. გარიგების შედეგად, Raisin-ის აქციონერებს შორის Tencent-ი, Hedosophia და Vitruvian Partners-ი გამოჩნდნენ, ხოლო Thrive Capital-მა, Apeiron-მა და რამდენიმე დამფუძნებელმა წილები მცირედით შეამცირეს.
Raisin-ი საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც დეპოზიტარებს მათთვის სასურველი ბანკების პოვნას უმარტივებს. მარტივად რომ ვთქვათ, Raisin-ის აპლიკაციის მეშვეობით, საბანკო დეპოზიტებზე არსებულ სხვადასხვა შეთავაზებებს მომხმარებლები ერთ აპლიკაციაში ხედავენ, რაც სასურველი პროდუქტის არჩევის პროცესს უმარტივებთ. თუმცა სადეპოზიტო სერვისის გარდა, Raisin-ი მომხმარებლებს საინვესტიციო და საპენსიო პროდუქტებსაც სთავაზობს.
ამ დროისთვის, Raisin-ი რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში და ევროკავშირის სხვა რამდენიმე წევრ სახელმწიფოში. Raisin-ის სერვისებს მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს, ხოლო კომპანიას 400-მდე პარტნიორი ბანკი ჰყავს, რომლებიც 30-ზე მეტ იურისდიქციაში ოპერირებენ. Raisin-ის მართვაში არსებული აქტივების მოცულობა €50 მილიარდს აჭარბებს.