მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თამბაქოზე აქციზი ასოცირების მოთხოვნის გამო იზრდება”- ოცნების დეპუტატი

ირაკლი ხელაძე

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი 2025 წლიდან თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდას გეგმავს, რითაც ბიუჯეტში 83 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება იგეგმება. ინიციატივას მხარი დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, სადაც ის "ოცნების" ახალმა დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ წარადგინა, მისი განცხადებით აქციზის ზრდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების გამო იზრდება. ამასთან, ხელაძემ განაცხადა რომ აქციზი 2016 წლიდან უცვლელია, თუმცა ფაქტია რომ გასული წლების განმავლობაში პარლამენტმა თამბაქოს ნაწარმზე, მათ შორის ადგილობრივ თამბაქოს ნაწარმზე აქციზური განაკვეთი არაერთხელ შეცვალა.

“ჩვენ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე გვაქვს ვალდებულება, რომ თამბაქოსთან მიმართებაში დაწესებულ დირექტივებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ კანონმდებლობა, 2016 წლის შემდეგ აქციზზე განაკვეთი არ შეცვლილა. მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დამოკიდებულება და მომხმარებელთა რაოდენობა,”- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ინიცირებული ცვლილებით 20 თეთრით იზრდება აქციზი სიგარეტზე, რაც 1.90 ლარს მიაღწევს, ხოლო გასახურებელ თამბაქოზე აქციზის მატება 15 თეთრით არის დაგეგმილი, რის შედეგადაც ის 1.85 ლარს მიაღწევს.

კანონპროექტის ავტორების მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის თანახმად, აქციზის მატებით 2025 წლის ბიუჯეტში სიგარეტის აქციზიდან 77 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი შევა, ხოლო გასახურებელი თამბაქოს აქციზიდან 5.5 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი, რაც ჯამურად 83.5 მილიონის საგადასახადო შემოსავლის მატებას ნიშნავს.

"იმპორტირებული სიგარეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 2025 წელს შეადგენს 325 740 879 კოლოფს, კანონპროექტის მიღებისა და აქციზის განაკვეთის 1.9 ლარამდე გაზრდის შემთხვევაში კი, შესაბამისი გადასახადები, წლის ჭრილში, ჯამურად, გაიზრდება 76 874 847 ლარით, საიდანაც აქციზის წილია 65 148 176 ლარი, ხოლო დღგ-ის - 11 726 672 ლარი.

რაც შეეხება 2404 11 000 00 კოდში შემავალ „აიქოსებს“ (პროდუქტები, განკუთვნილი წვის პროცესის გარეშე ინჰალაციისთვის), იმპორტირებული „აიქოსის“ საპროგნოზო მაჩვენებელი 2025 წელს შეადგენს 22 645 088 კოლოფს, კანონპროექტის მიღებისა და აქციზის განაკვეთის განაკვეთის 1.85 ლარამდე გაზრდის შემთხვევაში კი, შესაბამისი გადასახადები, წლის ჭრილში, ჯამურად, გაიზრდება 5 344 241 ლარით, საიდანაც აქციზის წილია 4 529 018 ლარი, ხოლო დღგ-ის - 815 223 ლარი,"- ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები