მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანაგადახდის კომპონენტი კლინიკებს საშუალებას მისცემს, პაციენტებს უფრო ხარისხიანი სერვისები შესთავაზონ - კობახიძე

ნინო კობახიძე

"ჯეო ჰოსპიტალსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში თანაგადახდის კომპონენტის ამოქმედების ინიციატივას დადებითად აფასებს.

როგორც ნინო კობახიძემ BMG-ის განუცხადა, ჯანდაცვის სექტორი თავიდანვე ითხოვდა, რომ DRG მექანიზმის ფარგლებში პაციენტებისთვის თანაგადახდის შესაძლებლობა ყოფილიყო.

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში თანაგადახდის კომპონენტის დაბრუნება ჰოსპიტალურ სექტორს საშუალებას მისცემს, პაციენტებს უფრო ხარისხიანი სერვისები შესთავაზოს.

„DGR სქემის ამოქმედებამდე პაციენტს უფლება ჰქონდა, რომ აერჩია აყვანილი ექიმი, დამატებით პალატა, პროთეზის და სხვა სახარჯი მასალის არჩევის უფლება ჰქონდა. DRG-იმ ყველა ეს უფლება გააუქმა, უთხრა პაციენტებს, რომ თუ ამ ყველა სერვისით სარგებლობა გინდათ, მაშინ უნდა გამოხვიდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან და შესაბამისად, მომხმარებელს უფრო მეტის გადახდა უწევდა. ამას ჩვენი სექტორი ხშირად აფიქსირებდა და ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ ამ თემაზე საუბარი უფრო ინტენსიური გახდა.

ამ ცვლილებით პაციენტებს უფლება ექნებათ საყოველთაო ჯანდაცვასთან ერთად უფრო კომფორტული და კარგი მომსახურება მიიღონ. თავის მხრივ, სამედიცინო სექტორი უფრო მობილიზებული იქნება, რომ დამატებითი ტექნოლოგიური სერვისები, უფრო ძვირადღირებული საშუალებები და შედარებით ძვირადღირებული ექიმები მოაბილიზოს და პაციენტს უფრო ხარისხიანი მომსახურება შესთავაზოს, როდესაც საუბარი არ იქნება იმაზე, ყოფნის თუ არა რომელიმე მიმართულებას DRG-ის ფასები. თან ვიცით, რომ ორწლიან პერსპექტივაში გარდა რეანიმაციისა, DRG-ის ფასები ჯერჯერობით არ გაზრდილა. შესაბამისად, ეს სიახლე ძალიან კარგია მომხმარებლებისთვის და ასევე კლინიკებისთვის, რომლებიც უფრო მოტივირებულები უნდა იყვნენ, რომ ხარისხიანი მომსახურება შესთავაზონ მომხმარებლებს“, - განაცხადა ნინო კობახიძემ.

ცნობისთვის, მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში თანაგადახდის კომპონენტის დაბრუნებას გეგმავს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაფინანსებით გათვალისწინებულზე მაღალი ღირებულების მომსახურების არჩევის შემთხვევაში, პაციენტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას აღარ გამოეთიშება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები