თანამდებობის პირებს დეკლარაციაში ნაღდი ფულის მითითებისას თანხის წარმომავლობის წყაროს მითითება დაევალებათ - ამას ითვალისწინებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მომზადებული კანონპროექტი, რომელსაც დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილავდნენ. კანონპროექტის ავტორები ქართული ოცნების დეპუტატები არიან.
ქონებრივი დეკლარაციების პორტალზე არაერთი საჯარო მოხელე უთითებს, რომ მათ გააჩნიათ მნიშვნელოვანი დანაზოგები ნაღდი ფულადი სახსრების სახით, საუბარია $40 ათას; $100 ათას და უფრო დიდ თანხებზეც, რასთან მიმართებითაც კანონპროექტის ავტორების აზრით, მნიშვნელოვანია ამ თანხების წარმომავლობის მითითების ვალდებულება გაჩნდეს.
"პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა 10 000 ლარს აღემატება, – ფულადი თანხის მესაკუთრის ვინაობა, ფულადი თანხის წყარო და ფულადი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში", - ნათქვამია კანონპროექტში.
დღევანდელი მონაცემებით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აქვს 6 720 პირს. მათ შორის არიან როგორც თანამდებობის პირები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობის პირები, საკრებულოს წევრები, მოსამართლეები, სახელმწიფო საწარმოების მენეჯერები და სხვადასხვა სსიპ-ის ხელმძღვანელები.
ანტიკორუფციული ბიუროს თანახმად, ბიურო არ კითხულობს ყველა დეკლარაციას და არ ამოწმებს მათ შესაბამისობას, არამედ ისინი ამოწმებენ შემთხვევითი შერჩევის შედეგად და სპეციალური კომისიის მიერ განსაზღვრულ დეკლარაციებს. 2023 წელს მათ შეამოწმეს 500 დეკლარაცია, ამასთან, უწყებას შეუძლია დეკლარაციის შემოწმება საჯარო მიმართვის შემდეგაც დაიწყოს, რასთან დაკავშირებითაც მათ 2023 წელს 17 განაცხადი მიიღეს.
მთლიანობაში შემოწმებული 500 დეკლარაციიდან დაჯარიმდა - 109 თანამდებობის პირი, გაფრთხილდა - 4, დადებითად დასრულდა - 372 მოხელეს დეკლარაციის შესწავლა. შეწყდა - 15-ის შესწავლა. 2 შემთხვევაში გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტი.