მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამედროვე ფინტექ-დამსაქმებელი გლობალური ამბიციებით

648bf2b15ed1f
BM.GE
16.06.23 10:14
511
ალბათ უკვე ყველასთვის ნათელია, რომ მომავლის მსოფლიო ციფრულ ტექნოლოგიებზე იქნება დამოკიდებული. სერვისების და პროდუქტების გაციფრულება აჩქარებს განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას, აახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან და რესურსების უკეთ გამოყენების საშუალებას იძლევა, მათ შორის ტრადიციულ საბანკო მიმართულებაშიც ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი კი ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია – Space International-ია.

Space International-ი თიბისი ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2018 წელს საქართველოში, სხვა ქვეყნებში მარტივი გზით გაფართოების მიზნით შეიქმნა. საქართველოში წარმატებული ოპერირების შემდეგ, „სფეის“-პლატფორმის დანერგვა, TBC UZ-ის სახით, უზბეკეთშიც განხორციელდა. დღეს უკვე ორივე ბაზარზე პლატფორმას 4 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. საქართველოში, ისევე როგორც უზბეკეთში, ქართული ფინტექ-კომპანია ტექნოლოგიურ საბანკო პლატფორმას ავითარებს და მომხმარებლებს სრულად ციფრულ და გამარტივებულ საბანკო გამოცდილებას სთავაზობს.

მას შემდეგ რაც სფეისის საბანკო პლატფორმა საერთაშორისო ბაზარზე გავიდა, ფინანსურ ტექნოლოგიური კომპანიის გეგმები ამბიციური და მასშტაბური გახდა. კომპანია მიზნად მომავალში ბევრ ახალ ბაზარზე შესვლასა და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ციფრულ პლატფორმად ჩამოყალიბებას ისახავს. გრძელვადიან პერსპექტივაში, 2025 წლისთვის, თიბისი ჯგუფის სტრატეგიული მიზანი „სფეისის“ პლატფორმის გარშემო 10 მილიონზე მეტი მომხმარებლის გაერთიანებაა. აქსელერირებულ განვითარებასთან ერთად კომპანიის გუნდიც სწრაფად იზრდება, 2021 წლიდან დღემდე Space International-ში დასაქმებულთა რიცხვი გაორმაგდა და 260-ზე მეტ თანამშრომელს მიაღწია.

როგორ ვითარდება Space International-ი საერთაშორისო ფინტექ-კომპანიად და მოწინავე ტექ-ტალანტებისთვის მიმზიდველ სამუშაო ადგილად, კომპანიის საოპერაციო დირექტორი ნინო ყაჭეიშვილი მოგვიყვება. ნინო უკვე 4 წელია, საკუთარ 23-წლიან კარიერულ გამოცდილებას ფინანსურ სექტორსა და საცალო გაყიდვებში „სფეისის“ განვითარებაში იყენებს. ნინოს თქმით: „ნებისმიერ კომპანიაში წარმატებას ის ადამიანები განაპირობებენ რომლებიც საერთო მიზნისთვის ყოველდღიურად, გუნდურად მუშაობენ, ამის გვჯერა Space International-შიც“.

იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო ფიქრობთ გაფართოებას, კომპანია საჭიროებს გაცილებით მეტი მაღალკვალიფიციური ტალანტის მოზდივას, რომლებიც არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც მარტივად შეძლებენ ადაპტირებას. ნინო, თქვენი გადმოსახედიდან, რა გამოწვევების წინაშე დგას ტექნოლოგიური ინდუსტრია ტალანტების მოზიდვის მხრივ? თქვენ რამდენად გეხებათ ეს გამოწვევები?

„ბოლო წლებში სხვა ბევრი საერთაშორისო კომპანია შემოვიდა საქართველოში, რომლებმაც არსებულ ბაზარზე, ტექ-ტალანტების მოზიდვის კუთხით, კონკურენცია საგრძნობლად გაზარდეს.

კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები, რომლებსაც დიდ მასშტაბებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ ამბიციური გეგმები გვაქვს, კომპანიის საერთაშორისო ზრდის პროცესი პროპორციულად პროფესიული უნარების მოთხოვნილებების ზრდასაც იწვევს. ეს მასშტაბურობა განსხვავებულ საჭიროებასაც ქმნის მოთხოვნების თვალსაზრისით.
ჩვენი სტრატეგია კი მაქსიმალურად ფოკუსირებული გავხადეთ თანამშომლების კომპანიის შიგნით განვითარებაზე. სხვადასხვა პოზიციაზე თუ როლზე პირველ რიგში შიდა კადრებს განვიხილავთ და ვაძლევთ შესაძლებლობას ახალ გამოწვევებს შეეჭიდონ. ბაზარზე ერთ-ერთი კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნით, „სფეისში“ მოვახერხეთ, რომ მასობრივად ქართველი ტალანტებით დაკომპლექტებული გუნდით, საქართველოში ბაზირებული საერთაშორისო პროდუქტი საზღვრებს გარეთ გაგვეტანა. უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ „სფეისი“ მიმზიდველი ისთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტალანტებისთვის გახდა, რომლებიც წარსულში ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებთან თანამშრომლობდნენ, როგორიცაა Microsoft-ი, Google-ი, Siemens-ი თუ სხვა“, – ამბობს ნინო.

როგორია თქვენი მიდგომა ტალანტების შერჩევისას? რა არის თქვენი კრიტერიუმები?

„თავისთავად პროფესიონალიზმი ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი კრიტერიუმია – იმ პროფესიის კარგად ცოდნა, რომლითაც ტალანტი ჩვენთან მუშაობას გეგმავს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, გუნდის წევრები საერთო ღირებულებებისა და ფასეულობების მატარებლები ვიყოთ და ერთმანეთის გვესმოდეს.

„სფეისი“ არის გამბედავი, ემპათიური და ძლიერი ტექპროფესიონალების გუნდი, რომელთაც აერთიანებთ ისეთი ღირებულებები როგორიცაა გულწრფელობა, ცნობისმოყვარეობა, გამძლეობა, შემოქმედებითობა და განვითარების სურვილი.

კომპანია ამბიციურია თავისი გეგმებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, და აქტიურად ცდილობს იმ ციფრული პროდუქტით, რომელსაც საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს, მათი ყოველდღიური ყოფა მაქსიმალურად გაამარტივოს. ამ ყველაფერს კი მხოლოდ და მხოლოდ გუნდური მუშაობით შეიძლება მივაღწიოთ, რაც ჯერჯერობით წარმატებულად გამოგვდის“, – მიყვება ნინო.

ნინო, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე საუკეთესო ტალანტის აღმოჩენას მაქსიმალურად ცდილობთ. როგორც ქვეყანაში არსებული მოწინავე ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია, რას სთავაზობთ მათ?

„სფეის ინტერნეიშენალის მასშტაბი განსაკუთრებული განვითრების შესაძლებლობას აძლევს ჩვენთან დასაქმებულ ტექ-ტალანტებს. ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ნებისმიერი თანამშრომლისთვის შეიძლება მიმზიდველი აღმოჩნდეს, ის რამდენიმე მილიონი მომხმარებელია, რომლებსაც ციფრული სერვისებით ყოველდღიურად უზრუნველვყოფთ. მომხმარებლების ზრდასთან ერთად, გვიწევს პლატფორმის მუდმივი დახვეწა, ასევე სხვადასხვა ბაზარზე ადაპტირება, ინოვაციური იდეების მოფიქრება და ა.შ., რაც საინტერესო გამოწვევა და საუკეთესო უნარების გამომუშავების გზაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ამ სფეროში კარიერული ზრდა სურს.

ტექ-ტალანტებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისეთ გარემოში მუშაობდნენ, სადაც მათ ფართო ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას სთავაზობენ.

„სფეისი“ კი სწორედ ასეთი ადგილია. ჩვენ უკვე წლებია, კომპანიის შიგნით ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ვნერგავთ, რათა თითოეული თანამშრომლის საქმიანობა შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. სულ ახლახან პარტნიორობა დავიწყეთ გლობალურ ტექ-საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-თან, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ნერგავს ტექნიკურ სტანდარტებს, ეჯაილ-პატერნებს და ეჯაილ-მანიფესტოებს შეიმუშავებს.

Space International-ი პირველი კომპანიაა არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთლიანად ცენტრალური აზიის რეგიონშიც, რომელთანაც Thoughtworks-ი აქტიურად მუშაობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენს ტექ-ტალანტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისწავლონ მსოფლიოს საუკუთესო პრაქტიკებიდან და გამოცდილება უშუალოდ სფეროს ექსპერტებისგან მიიღონ, შემდგომ კი არსებულ საჭიროებებს მოარგონ.

ამასთან ერთად, როგორც საერთაშორისო თანამედროვე ტექ-კომპანია, მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ჩვენი გუნდის წევრების თვითგანვითარებასაც. 2023 წლის სტრატეგიულ მიმართულებად სწორედ Learning & Development-ი დავისახეთ და შესაბამისი რესურსებიც გამოვყავით. იქნება ეს ლიდერშიფის, სხვადასხვა „Soft“ თუ „Hard“ უნარების განვითარება.

რეალურად გვჯერა, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გუნდს უერთდებიან, უზარმაზარი ზრდის პოტენციალი აქვთ. ჩვენ კი მათ პროფესიული ზრდისთვის საჭირო ხელსაწყოებს ვაწვდით. „სფეისი“ თითოეულ თანამშრომელში გრძელვადიან პარტნიორს ხედავს, რომლებშიც შესაბამისად დიდ ინვესტიციასაც დებს.

ჩვენთან ფინანსური კომპონენტიც, რა თქმა უნდა, არანაკლებ მიმზიდველია და ვფიქრობთ, რომ ბაზართან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულია“, – აღნიშნავს ნინო.



როგორ ზომავთ თანამშრომლების კმაყოფილებას? ბედნიერებას?

„ბოლო პერიოდში კომპანიის გუნდის ზრდასთან ერთად აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლების კმაყოფილებისა და ბედნიერების სისტემური და ობიექტური საზომი ინსტრუმენტების ადაპტირებაც. აღნიშნულნი კი კომპანიის მთავარ ღირებულებებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ. ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად სწორედ გამჭვირვალობასა და ღიაობას მივიჩნევ. ეს ორი ელემენტი ჩვენი ორგანიზაციული კულტურის ფუნდამენტური ნაწილია.

ახალი დანერგილი გვაქვს თანამშრომლების კეთილდღეობისა და კმაყოფილების საზომი ინსტრუმენტებიც. ერთ-ერთი ყველასთვის ცნობილი, eNPS (Employ Net Promoter Score) სისტემაა, რომელიც თანამშრომელთა კმაყოფილებისა და კომპანიის მიმართ ლოიალობის გაზომვაში გვეხმარება. ჩვენი ამჟამინდელი შედეგი ინდუსტრიასთან მიმართებით საკმაოდ მაღალია. ასევე, აქტიურად ვზომავთ ბედნიერების, მოტივაციის, განვითარების შესაძლებლობის დონესაც ჩვენს თანამშრომლებში. რასაც ყველა ჩვენი შიდაორგანიზაციული კვლევა გვაჩვენებს და რითაც ძალიან ვამაყობთ, ჩვენი თანამშრომლების გუნდის მიმართ მაღალი კმაყოფილებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ძალისხმევა, შევქმნათ ისეთი კულტურა, სადაც ჩვენ მიერ შერჩეული თანამშრომლები კომფორტულად იგრძნობენ თავს, შედეგიანია.

თანამშრომლების ერთმანეთთან ინტეგრაციისთვის და უკეთესად კოორდინაციისთვის არაფორმალურ აქტივობებსაც ხშირად მივმართავთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, „სფეისში“ არ იყვნენ მხოლოდ სამსახურებრივად დაკავშირებული ადამიანები და მათ ერთმანეთთან სხვა საერთო ინტერესებიც გააჩნდეთ, უკეთ იცნობდნენ ერთმანეთს, რაც ლოგიკურად ზრდის ემპათიის დონესაც ერთმანეთის მიმართ.

უკეთესი “Work-life”-ბალანსისთვის მაქსიმალურად ვხვეწთ დისტანციური რეჟიმის მიდგომებსაც. საბოლოო ჯამში კი საუკეთესო ფორმულამდე მივედით, რაც გუნდისთვის კვირის განმავლობაში ორ ან სამ სამუშაო დღეს ოფისში, დანარჩენ დღეებში კი დისტანციურ რეჟიმს გულისხმობს. გუნდები მენეჯმენტთან შეთანხმებით თავად წყვეტენ, თუ როდის შეიკრიბებიან „ერთი მაგიდის“ პრინციპით“, დასძენს ნინო.

ნინოსთან საუბრისას მივხვდი, რომ Space International-ის წარმატების გზა მხოლოდ დასაწყისია. მართალია, საქართველოს ბაზრისგან განსხვავებით საერთაშორისო ბაზარი როგორც რაოდენობრივად, ისე შინაარსობრივად გაცილებით კომპლექსურია, თუმცა „სფეისის“ მაღალკვალიფიციური ტალანტებით დაკომპლექტებული გუნდით და იმ ღირებულებებით, რომლებითაც კომპანია ხელმძღვანელობს, გლობალური ბარიერებიც კი დაძლევადია. სწორედ თანამშრომლების მიმართ კომპანიის ყოვლისმომცველმა მიდგომამ განაპირობა „სფეისის“ ზრდის განსაკუთრებულად სწრაფი ტემპი. აღნიშნულმა გარემოებებმა კომპანია გლობალურ მოთამაშედ აქცია და გაუჩინა ამბიცია, მომავალში ისეთი წამყვანი ინოვაციური ციფრული ბანკების რიგებში დაეკავებინა ადგილი, როგორიცაა Revolut, Monzo, n26 თუ სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები