მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამედროვე ტექნოლოგიების რეალური სარგებელი - "მეგატექნიკის" ქეისი

5e4b7efbe4d68
BM.GE
18.02.20 10:03
3883
როდესაც ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ქსელი ხარ, 20 მაღაზიით საქართველოს 12 ქალაქს ემსახურები და ყველაზე დიდი სადილერო ქსელი გაქვს, ბიზნესზე დაკვირვება, საქმიანობის ყოველი ჭრილიდან შეფასება, რთული და ამავდროულად კრიტიკული ამოცანა ხდება. „მეგატექნიკა“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელმაც ამ ამოცანას ტექნოლოგიური პროგრესით უპასუხა და BDO-სთან პარტნიორობით ბიზნეს ანალიტიკის თანამედროვე სისტემა დანერგა.

როცა ტრადიციული მიდგომები საკმარისი აღარ არის

„მეგატექნიკა“, ისევე, როგორც ყველა მსგავსი კატეგორიის კომპანია, ქსელის სხვადასხვა მაჩვენებელს, მაგალითად, გაყიდვებს, მომგებიანობას, მარაგების საჭიროებას, კლიენტების ქცევას გამუდმებით ადევნებს თვალს. ასეთი მაჩვენებელი და რეპორტი მრავალია, ხოლო მათი მიღების ტრადიციული მეთოდები - შრომატევადი, დროში გაწელილი და ხშირად თანამედროვე რეალობისთვის შეუსაბამო. როგორც წესი, პროცესი ასეთია: მონაცემების სხვადასხვა წყაროდან ამოღება, მათი ექსელში გაერთიანება და შემდეგ, სასურველი რეპორტის მისაღებად, მათი დიაგრამებად, ცხრილებად გარდაქმნა.

„როდესაც ასეთ მსხვილ სავაჭრო ქსელს მართავ, საოპერაციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად კრიტიკულია დროულად მიიღო ინფორმაცია ბიზნესზე. შესაძლოა ორი ან სამი დღის წინანდელი მონაცემი უკვე არარელევანტური, დაგვიანებული იყოს.

ტრადიციული რეპორტინგი აქ მოიკოჭლებს, ანგარიშგებების მომზადებას ბევრი დრო და ძალისხმევა მიაქვს, მონაცემებში მცირე ცვლილებამ შესაძლოა რეპორტინგის პროცესის სრულიად თავიდან დაწყება გახადოს საჭირო. რაც უფრო იზრდება ბიზნესი, მით მეტი მონაცემი გროვდება და, ხშირად, სტანდარტული პროგრამები ამ მონაცემების დამუშავებას თავს ვერ ართმევს, გარდა ამისა, ტრადიციული ანგარიშგებები არც ინტერაქტიულია და მთლიანი სურათის დანახვა ჭირს“ - ამბობს „მეგატექნიკის“ დირექტორი ნინო გაბუნია.


თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკა იგივე Business Intelligence სისტემა

„მეგატექნიკამ“ BDO-სთან პარტნიორობით ბიზნეს ანალიტიკის თანამედროვე სისტემა დანერგა.
„ბიზნეს ანალიტიკის სისტემა კომპანიის სხვადასხვა სააღრიცხვო სისტემაში გაბნეულ მონაცემებს თავს უყრის, აძლევს მათ მოწესრიგებულ სახეს და სტრუქტურას. დგინდება ყველა პარამეტრი, მაჩვენებელი, რაც აუცილებელია კომპანიის საქმიანობის 360 გრადუსით შესაფასებლად და შემდეგ იქმნება ავტომატური, დინამიკური და ინტერაქტიული ანგარიშგებები“, - ამბობს BDO-ს მონაცემთა ანალიტიკის დირექტორი, ირინა კვახაძე.

BDO-მ „მეგატექნიკასთან“ ბიზნეს ანალიტიკის ინსტრუმენტად Microsoft-ის პროდუქტი, MS Power BI გამოიყენა. კომპანია ახლა ღილაკზე ერთი დაჭერით იღებს მუდმივად განახლებულ ანგარიშგებებს ერთ სივრცეში, საჭირო რეპორტზე ყველა თანამშრომელს იოლად მიუწვდება ხელი. ეს ანგარიშგებები ინტერაქტიული და დინამიკურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტივად ფილტრავთ, ადარებთ ერთმანეთს და უღრმავდებით სხვადასხვა მაჩვენებელს.

ბიზნესზე 360 გრადუსით დაკვირვება ლაივრეჟიმში

ბიზნეს ანალიტიკის სისტემის დანერგვა ნიშნავს, რომ კომპანიას დღეს შეუძლია, ლაივრეჟიმში ადევნოს თვალი მისთვის საჭირო ყველა მაჩვენებელს, ყოველდღე იცოდეს, როგორია ბიზნესსაქმიანობის შედეგები - გაყიდვები, მარკეტინგული აქციების შედეგები, მაღაზიების ეფექტურობა, მომგებიანობა.

„ჩვენ „მეგატენიკაში“ შემოვიტანეთ ისეთ პარამეტრები, როგორიცაა კლიენტის შენარჩუნების მაჩვენებელი. „მეგატექნიკას“ ასევე შეუძლია ნახოს, როგორია ორ სხვადასხვა პროდუქტს შორის კორელაცია და რამდენად განსაზღვრავს ერთის შეძენა მეორის შეძენას. ნამდვილად საკმაოდ მდიდარი ინფორმაციაა“ - ამბობს ირინა კვახაძე.

მეტი დრო ანალიტიკისთვის

ის დრო, რაც ადრე რეპორტების მომზადებაში იხარჯებოდა, ახლა ანალიტიკურ საქმიანობას, მაჩვენებლების ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილებების დროულად მიღებას მოხმარდება. ამ სისტემის სარგებელი მრავალია.
„BDO-ს გუნდისგან მივიღეთ რჩევები, რა მონაცემები და როგორ უნდა შევინახოთ, რა პარამეტრები უნდა შემოვიტანოთ დამატებით, რომ კიდევ უფრო ღრმად გავაანალიზოთ ჩვენი საქმიანობის შედეგები, დავაკვირდეთ ბაზარს და ვიცოდეთ, რა სჭირდებათ ჩვენს კლიენტებს“ - აღნიშნავს „მეგატექნიკის“ დირექტორი, ნინო გაბუნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები