მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თანამშრომელს თითის გაჭრაზეც შეუძლია, ბიულეტენი მოიტანოს და ეს კომპანიას საკმაოდ ძვირი უჯდება" - "ზღაპარი" საოპერაციო ხარჯებზე

ზღაპარი

სამედიცინო ბიულეტენების ანაზღაურება, კომუნალური გადასახადები და არასრულწლოვანთა ქურდობის შემთხვევები - ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც მაღაზიათა ქსელ "ზღაპარის" დირექტორი, თამარ უდესიანი, ბიზნესის ოპერირების ხარჯების ზრდის მიზეზად ასახელებს.

ამის შესახებ "ზღაპარის" დირექტორმა "ფასების საპარლამენტო კომისიის" სხდომაზე ისაუბრა, სადაც კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა კომპანიის ხელმძღვანელს 20%-იანი საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციის შესახებ დაუსვა შეკითხვა.

"საოპერაციო ხარჯებშია ბიულეტენების საკითხი; თანამშრომელს თითის გაჭრაზეც შეუძლია, ბიულეტენი მოიტანოს და კომპანიას საკმაოდ ძვირი უჯდება, არ ვიცი, რამდენად არის დათვლილი ფინანსურად ახლა, მაგრამ შემდგომ შეგვიძლია მოგაწოდოთ სტატისტიკა, რამდენი ბიულეტენი იყო ანაზღაურებული. არ ვამბობ, რომ იმას, რომ რეალური ბიულეტენი არ უნდა ანაზღაურდეს, თუმცა აქ უკვე დგას სანდოობის საკითხი, რამდენად სწორადაა ბიულეტენი გამოწერილი. გვქონია მათი გასაჩივრების შემთხვევებიც.

სხვა ნაწილში, კომუნალურების ხარჯია საკმაოდ მაღალი და ის დანაკარგები, რაც გვაქვს, რომლებიც სხვა საოპერაციო ხარჯებშია ასახული. ვგულისხმობ არასრულწლოვნების თემას - ისინი ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე სტუმრობენ მარკეტებს და მიაქვთ, რაც მოესურვებათ", - ამბობს თამარ უდესიანი.

დღეს პარლამენტში, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის რიგით მე-7 სხდომაზე საცალო ქსელების ოპერატორებს უსმენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები