მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ თანამშრომლების 97,7% აცრილია, - ამის შესახებ BM.GE-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა ნიკოლაიშვილმა განუცხდა.
მისი თქმით, ვაქცინაციის სავალდებულობის პრინციპის შემოღებამდე კონსულტაცია სახალხო დამცველთან გაიარეს.
“რიკოს“ თანამშრომლების ვაქცინაციის მაჩვენებელი არის 97,7%. სულ 520 ადამიანს ვასაქმებთ. ჩვენ მივმართეთ სახალხო დამცველს წერილით, რომ გვსურდა, კომპანიაში აცრები გაგვეხადა სავალდებულო და ხომ არ იქნებოდა ეს კანონდარღვევა. ნინო ლომჯარიას ოფისის პოზიციის საფუძველზე შევიმუშავეთ პროტოკოლი, რომლის მეშვეობითაც ვაქცინაციის საუკეთესო მაჩვენებელზე ავედით.
თავდაპირველად დავიწყეთ ძალიან აქტიური აგიტაცია თანამშრომლებში; ვესაუბრეთ, რომ წლის ბოლოსთვის პრემიები პირდაპირ იქნება მიბმული ვაქცინაციასთან. საბოლოოდ, თანამშრომლებს ორი არჩევანი ჰქონდათ - ან უნდა აცრილიყვნენ და მიეღოთ 600 ლარიანი პრემია ან აცრაზე კატეგორიული უარის შემთხვევაში 72-საათიანი PCR-ტესტი აეღოთ.
სახალხო დამცველის პოზიცია ჩვენთვის იყო სამაგალითო. გარდა ამისა, ყველა გამოჯანმრთელებულ ინფიცირებულს მივეცით 1 000-ლარიანი პრემია. ეს თემა მივიღეთ ძალიან სერიოზულად“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
ის, რომ ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას, ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სპეციალურ ბრიფინგზეც ისაუბრა.
ვინაიდან დამსაქმებლის ვალდებულებაა, უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გარკვეული შემზღუდავი თუ წამახალისებელი ღონისძიებები ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირებისათვის არ იქნება დისკრიმინაციული, მათი სათანადო დასაბუთების პირობებში.