მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება დისკრიმინაციულ პრაქტიკას არ წარმოადგენს - სახალხო დამცველი

6125fd9456c49
BM.GE
25.08.21 12:16
1876
"ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას"- ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში მსჯელობის საგანია და სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა მოქალაქემ თუ ორგანიზაციამ მიმართა კითხვით, არღვევს თუ არა პირის უფლებებს და დისკრიმინაციულია თუ არა ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის ვალდებულება შრომით ურთიერთობებში, მომსახურების, ჯანდაცვის, განათლების თუ სხვა სფეროებში. 

"სახალხო დამცველმა საფუძვლიანად შეისწავლა როგორც უახლესი საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ეროვნული კანონმდებლობა ადამიანის უფლებების ჭრილში და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში როგორიცაა - ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, განათლება, საჯარო სამსახური - კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ, ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას.

ვინაიდან დამსაქმებლის ვალდებულებაა, უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გარკვეული შემზღუდავი თუ წამახალისებელი ღონისძიებები ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირებისათვის არ იქნება დისკრიმინაციული, მათი სათანადო დასაბუთების პირობებში. შესაბამისად, დამსაქმებლებს, ასევე მომსახურების გამწევს პირებს უფლება აქვთ დასაქმებულს ან მომხმარებლებს მოსთხოვონ სრული ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის სისტემატურად წარმოდგენა. აღნიშნული წესები უნდა ითვალისწინებდეს გამონაკლისებს (მაგალითად, სამედიცინო ცნობა ვაქცინაციის მიზანშეუწონლობის თაობაზე) ასევე, გონივრული მისადაგების ღონისძიებებს.

ასევე, დისკრიმინაციულ პრაქტიკად არ არის აღიარებული რეგულაციები, რომლის თანახმადაც, განსაზღვრულ საჯარო ადგილებში შესვლა შესაძლებელია ვაქცინირებული ადამიანების, ხოლო არავაქცინირებული პირებისთვის ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში. ზოგიერთ ქვეყანაში ამგვარ სივრცეებში უშვებენ იმ ადამიანებსაც, რომელთაც ბოლო პერიოდში კოვიდ 19 გადაიტანეს და აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი“-განმარტა ნინო ლომჯარიამ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები