მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია SavvY, საინვესტიციო ფონდ "Gazelle Finance Georgia" -ს საინვესტიციო პორტფელში შემავალი კომპანიების ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს ფინანსური აღრიცხვიანობისა და რეპორტინგის მიმართულებით. როგორც SavvY-ს დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ Bm.ge-სთან ისაუბრა, Gazelle Finance Georgia-სთან პარტნიორობა უკვე 4 წელია მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში თანამშრომლობა 20-მდე კომპანიასთან შედგა.
SavvY-ს როლი ამ პროცესში პორტფელში არსებული კომპანიების ფინანსური აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, გამართულობას და რეპორტინგს გულისხმობს. შედეგად, კომპანიები ძლიერდებიან, როგორც მათი საქმიანობის ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის, ასევე ფინანსური პროდუქტების გამოყენების და ანალიტიკურ ინსტრუმენტებზე წვდომის კუთხით.
მარიამ ქოიავას განმარტებით, საქართველოში ხარისხიანი ფინანსური ინფორმაციის არსებობა მენეჯმენტისთვის გადაწყვეტილებების მისაღებად, გამოწვევად რჩება. SavvY-ს მიერ შექმნილი ღირებულება, კომპანიებთან თანამშრომლობიდან მაქსიმუმ 2 თვეში უკვე შესამჩნევი ხდება, რადგან ინერგება ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომის და ანალიტიკის მარტივი ინსტრუმენტები.
„ამ გზით, კომპანიები ახერხებენ ჰქონდეთ უფრო გამჭვირვალე ფინანსური სურათი და იმ ფორმით წარდგენილი ფინანსური ინფორმაცია, რაც მისაღები და წაკითხვადია, როგორც მენეჯმენტისთვის სხვადასხვა გადაწყვეტილებების მისაღებად, ასევე დაინტერესებული მხარეებისთვის, მაგალითად, ფინანსური ინსტიტუტები, სახელმწიფო, კერძო ინვესტორი და სხვა. „Gazelle Finance Georgia“-სთან პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი სწორედ ეს არის“, - განაცხადა მარიამ ქოიავამ.
SavvY-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ სასიხარულოა წლების განმავლობაში თანამშრომლობით მიღწეული შედეგების ხილვა, თუმცა კომპანიის მიზნები აქ არ სრულდება და საკონსულტაციო მომსახურების ექსპორტის კიდევ უფრო მეტად განვითარებას გეგმავს.
„ჩვენთვის, როგორც საკონსულტაციო კომპანიისთვის, ეს თანამშრომლობა ნამდვილად საამაყოა, რადგან „Gazelle Finance Georgia“ ერთ-ერთი პირველი საინვესტიციო ფონდია, რომელიც მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, მათ შორის საქართველოშიც. SavvY-ს ერთ-ერთ მიზანს საკონსულტაციო მომსახურების ექსპორტი წარმოადგენს, შესაბამისად, ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ, და უკვე სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ფინანსური მენეჯმენტის და რეპორტინგის მომსახურების გაწევა შეგვიძლია საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედი საინვესტიციო კომპანიებისთვისაც“ - განმარტა მარიამ ქოიავამ.
„Gazelle Finance Georgia“-ს აღმასრულებელი დირექტორის ნათია ჯანელიძის თქმით, SavvY-სთან თანამშრომლობამ საინვესტიციო ფონდს კონკრეტული შედეგები მოუტანა. კერძოდ, იმ კომპანიებმა, რომლებშიც ფონდს ინვესტიცია აქვს განხორციელებული, მნიშვნელოვნად დაზოგეს რესურსები, გააუმჯობესეს ფინანსური აღრიცხვიანობა და შექმნეს სტანდარტებთან შესაბამისი ფინანსური რეპორტინგის პრაქტიკა.
„Gazelle Finance Georgia“ იმ კომპანიებს, რომელშიც ინვესტიცია აქვს განხორციელებული, დამატებით სერვისსაც სთავაზობს. ეს სერვისი ფინანსური აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, სტანდარტებთან შესაბამისობას და უზრუნველყოფას მოიცავს. ხშირად, მცირე და საშუალო ბიზნესს ამის პრობლემა უდგას, რადგან არ ჰყავთ ფინანსური მენეჯერი და მათი ფინანსური მონაცემები სტანდარტებთან შეუსაბამოა, რაც იმას გულისხმობს, რომ მესამე მხარის მიერ ფინანსური მონაცემების ანალიზი ვერ ხდება. მესამე მხარე შეიძლება იყოს: სახელმწიფო ორგანოები, სადაც დეკლარაციას აბარებენ და გადასახადებს იხდიან; ან ბანკი და სხვა ფინანსური უწყებები, სადაც ამ ფინანსურ მონაცემებს წარადგენენ. ამიტომ, გავაფორმეთ თანამშრომლობის ხელშეკრულება და SavvY ჩვენ მიერ დაფინანსებულ კომპანიებში ფინანსური აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, გამართულობას და რეპორტინგს ახდენდა. ამან მნიშვნელოვნად დაზოგა ამ კომპანიების რესურსები, გააუმჯობესა და სტანდარტში მოიყვანა მათი ფინანსური აღრიცხვიანობა. ჩვენი მოთხოვნები SavvY-ს მხრიდან დაკმაყოფილებული იქნა და თანამშრომლობა ეფექტურად მიდის“, - განაცხადა ნათია ჯანელიძემ.
აღსანიშნია, რომ „Gazelle Finance Georgia“-ს და SavvY-ს თანამშრომლობა სხვა პროექტების ფარგლებშიც მოხდა, მათ შორის არის უკრაინული კომპანიების საქართველოში რელოკაციის პროექტი. SavvY-მ ერთგვარი ბიზნესის გზამკვლევი შექმნა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მათი საქმიანობის საქართველოში რელოკაციით შეიძლება ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი. გზამკვლევი მოიცავდა ინფორმაციას, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების, სამართლებრივი და საგადასახადო საკითხების შესახებ. ასევე, საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებულ ნაბიჯებზე, როგორიცაა საბანკო ანგარიშის გახსნა, რეზიდენტობის მიღება, სამუშაო სივრცეები, ბიზნეს მედია და სხვა.
გარდა ამისა, პროექტი მოიცავდა შერჩეული კომპანიების მხარდაჭერას საქართველოში საქმიანობის მიზანშეწონილობის კვლევის მიმართულებით.
„ამ ნაწილში, დაახლოებით 7 კომპანიას დავეხმარეთ ბიზნესგეგმისა და მიზანშეწონილობის კვლევის მომზადებაში. ამ დოკუმენტებით ეს კომპანიები დღესაც ხელმძღვანელობენ და თავიანთ ბიზნესს ავითარებენ, ამასთან საქართველოდან მართავენ საერთაშორისო ოპერაციებსაც. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ კუთხითაც მხარი დავუჭირეთ „Gazelle Finance Georgia“-ს მნიშვნელოვან ინიციატივას უკრაინული ბიზნესის მხარდასაჭერად. მათთან ერთად გავეცანით იმ პროცესსაც, თუ რა უნდა შევთავაზოთ საერთაშორისო კომპანიებს იმისათვის, რომ საქართველო მათთვის საინტერესო ქვეყანა გახდეს, რაც ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა “, - განაცხადა მარიამ ქოიავამ.
კომპანიები, რომლებშიც „Gazelle Finance Georgia“-მ ინვესტირება განახორციელა, სექტორების ფართო სპექტრს მოიცავს, შესაბამისად, ცხადია SavvY-მ ამ პარტნიორობით სხვადასხვა სექტორთან მუშაობის გამოცდილება მიიღო. მარიამ ქოიავას თქმით, კომპანიამ დიდი გამოცდილება მიიღო ფონდებთან ურთიერთობის კუთხითაც.
„საქართველოში „Gazelle Finance Georgia“ ერთ-ერთი პირველი და აქტიური ფონდია ბიზნესის დაფინანსების კუთხით. მათთან თანამშრომლობით დიდი გამოცდილება მივიღეთ, რადგან SavvY-ს გუნდი აკვირდებოდა, თუ როგორ მართავს ფონდი საინვესტიციო სტრატეგიას, ოპერაციებს ისეთ ბაზრებზე, როგორიც საქართველოა“, - განაცხადა მარიამ ქოიავამ.
„ყველა სხვადასხვა სექტორს თავისი სპეციფიკა აქვს და ეს რეპორტინგში გათვალისწინებული უნდა იყოს, რათა ჩვენ და სხვა ფინანსურმა ინსტიტუტებმა სწორი ანალიზი გავაკეთოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ. შესაბამისად, SavvY-მ იმ კომპანიების ფინანსურ რეპორტინგსაც წარმატებით გაართვა თავი, რომლებიც სპეციფიკური სექტორის გამო მოითხოვდნენ დამატებით ყურადღებას. ამიტომ SavvY- სთან რამდენიმე წელია მუდმივად ვაახლებთ კონტრაქტს და მათთან თანამშრომლობით კმაყოფილი ვართ“, - განმარტა ნათია ჯანელიძემ.
რაც შეეხება SavvY-ს და „Gazelle Finance Georgia“ პარტნიორულ ურთიერთობას მომავალში, მარიამ ქოიავა ამბობს, რომ კომპანია მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა „Gazelle Finance Georgia“ სთან იმ ქვეყნებში, რომლებიც ფონდის სამომავლო ინტერესის სფეროს წარმოადგენს და საქართველოდან გაუწიონ მომსახურება.
შეგახსენებთ, რომ „Gazelle Finance Georgia“-ს ახლა საინვესტიციო მანდატი დასრულებული აქვს, თუმცა მეორე ფონდის შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, რისთვისაც $10 მილიონის ინვესტიცია უკვე მოზიდულია. ფონდის შექმნა არ დასრულებულა და როგორც ნათია ჯანელიძემ აღნიშნა, მეორე ფონდის შექმნის შემდეგ SavvY კვლავ მოიაზრება, როგორც ერთ-ერთი პოტენციური პარტნიორი.
(რ)