საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა,ყოველმხრივ გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის და აგრარულ სფეროებში, ასევე – მეცნიერებისა და განათლების, კულტურის, ტურიზმის, ჯანდაცვის, სპორტის და ახალგაზრდული პოლიტიკის დარგებში.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს მოცემულ ეტაპზე უზარმაზარი პოტენციალი და დინამიკური განვითარებისთვის ფართო პერსპექტივა გააჩნია.
ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში 2026 წლის 19-20 ივნისს შედგა. კომუნიკეში ყურადღება გამახვილებულია ვიზიტის მნიშვნელობაზე.
“ნდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში გამართული მოლაპარაკებების პროცესში მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ვიზიტის მნიშვნელობა, რომლითაც ახალი გვერდი გადაიშალა ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში.
ეყრდნობიან რა ორი ქვეყნის ხალხებს შორის მტკიცე ისტორიულ კავშირებსა და მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს და ითვალისწინებენ ტაჯიკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ 1994 წლის 4 აგვისტოს ოქმის ურღვეობას, დარწმუნებულნი იმაში, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის თანმიმდევრულად განმტკიცება ორივე ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს ემსახურება, და ასევე ესწრაფვიან პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას და თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლებას იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რომელთა წევრებიც არიან ტაჯიკეთის რესპუბლიკა და საქართველო, მხარეები აცხადებენ შემდეგს: ტაჯიკეთის რესპუბლიკამ და საქართველომ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები და ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებისა და გაფართოებისთვის მტკიცე მზადყოფნა გამოხატეს. სახელმწიფოები ხელმძღვანელობენ რა სუვერენიტეტის პატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებით, თანმიმდევრულად განავითარებენ ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.
მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი ყველა დონეზე პოლიტიკური კონტაქტების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს ტაჯიკეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობა”, - აღნიშნულია დოკუმენტში.
მხარეებმა დაადასტურეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პრიორიტეტულობა და გამოხატეს სურვილი, ხელი შეუწყონ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის ზრდას, ექსპორტისა და იმპორტის დივერსიფიკაციას, აგრარული, ინოვაციის და ენერგეტიკის სექტორების განვითარებას, ასევე სამრეწველო თანამშრომლობას სამთო მეტალურგიის, მსუბუქი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროებში. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ბიზნესსექტორებს შორის კავშირების განვითარებას.
„მხარეებმა აღნიშნეს ციფრული ეკონომიკის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობა და დაინტერესდნენ ამ სფეროებში მოწინავე პრაქტიკის გაცვლით. მხარეები მიესალმნენ ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და ხაზი გაუსვეს მისი აქტიური მუშაობის მნიშვნელობას ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კავშირების განვითარებას, ერთობლივი საწარმოების შექმნას და ორმხრივი ინვესტიციების დაცვას", - აღნიშნულია დოკუმენტში.
კომუნიკეს თანახმად, სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად აღიარებასთან ერთად მხარეები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას. ტაჯიკეთის რესპუბლიკა და საქართველო მხარს უჭერენ ქვეყნებს შორის რეგულარული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის სწრაფ დამყარებას და მზად არიან, ერთობლივად შეიმუშაონ და განახორციელონ პროექტები ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროებში.
„ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ჯანდაცვის, ასევე კვლევით ცენტრებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს შორის კონტაქტების განვითარებას.
ტაჯიკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი დოკუმენტების პაკეტს, რომელიც მოიცავს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს და ქმნის საიმედო სამართლებრივ საფუძველს ტაჯიკეთ-საქართველოს თანამშრომლობის არსებული პოტენციალის ურთიერთსასარგებლო რეალიზაციისთვის“, - აღნიშნულია კომუნიკეში.




























