მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტანსაცმლის ბრენდი „ჰამო“ საერთაშორისო ბაზარზე გლობალურად გავა - მარიამ თავბერიძე

640ee4235c076
თინათინ ნატმელაძე
19.03.23 20:00
1031
საქართველოში დამზადებული აზიური, აფრიკული და ევროპული ტანსაცმელი მალე საერთაშორისო ბაზარზეც გლობალურად გამოჩნდება, - ამის შესახებ BM.GE-ს ტანსაცმლის ბრენდი „ჰამოს“ თანადამფუძნებელმა, მარიამ თავბერიძემ განუცხადა.

როგორც ის გვიყვება, მსგავსი კონცეფციის ატელიეს გახსნა აზიაში ცხოვრების შემდეგ, პანდემიის პერიოდში გაუჩნდა, განსხვავებული მიმდინარეობის გამო კი საზოგადოების ყურადღება მალევე მოიპოვა.

„პანდემიის პერიოდში ბევრი ადამიანი დაინტერესდა იოგით, ამ დროს კი აღმოჩნდა, რომ იოგას ტექნიკური სამოსი ადგილობრივ ბაზარზე საერთოდ არ არსებობდა, ასე გაჩნდა ინსპირაცია, რომ აზიური ტანსაცმლის ბრენდი შეგვექმნა, თუმცა შემდეგ ასორტიმენტი გავზარდეთ და ახლა აზიურთან ერთად აფრიკულ და ევროპულ მიმდინარეობასაც მოვიცავთ. ჩვენი ბრენდით საკმაოდ მალე ბევრი ადამიანი დაინტერესდა, საერთაშორისო ბაზრებიდან თავად აღმოგვაჩინეს, ან ჩვენთან მოსულმა ტურისტებმა შემდეგ სხვებს ურჩიეს და ასე, საცალო გაყიდვებით, საფრანგეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და ამერიკაშიც ვართ წარმოდგენილი, თუმცა გვინდა, რომ ეს უფრო მასობრივი გავხადოთ, რისთვისაც პირველ რიგში წარმადობის გაზრდაა საჭირო. ამჟამად საგრანტო კონკურსებში მონაწილეობას ვგეგმავთ, რომ ახალი მანქანა-დანადგარები შევიძინოთ და შემდეგ უკვე აქტიური ექსპორტი დავიწყოთ“, - განაცხადა მარიამ თავბერიძემ.

მისივე თქმით, წარმოების პროცესში მთავარი გამოწვევა ტანსაცმლისთვის საჭირო მასალის მოძიებაა. „ჰამო“ 100%-ით ნატურალურ ქსოვილებს მოიხმარს, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, სწორედ ამიტომ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მათი პროდუქცია საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ „ჰამო“ სრულად დამფუძნებლების პირადი ინვესტიციით შეიქმნა. კომპანია ამჟამად საკუთარ საწარმოსა და შოურუმს ფლობს და 7 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები