მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ტაოფუდი“ საქართველოს მასშტაბით სარეალიზაციო არეალს აფართოებს

ტაოფუდი

ცხოველთა საკვები პროდუქტების საწარმო, „ტაოფუდი“ , რომელიც სიღნაღის რაიონში, კერძოდ წნორში ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდიდან, 2020 წლიდან ფუნქციონირებს, საქართველოს მასშტაბით სარეალიზაციო არეალს აფართოებს და თბილისის ბაზარზე შემოდის. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, ზურაბ ბურდიაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე 12 სახის ძაღლისა და კატის, ასევე 4 სახის თევზის საკვებს აწარმოებს, რომლის რეალიზებასაც საწარმოს გვერდით არსებულ საკუთარ მაღაზიაში, ამასთან ქუთაისში არსებულ მაღაზიაში ახდენს, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოში მიწოდებას უზრუნველყოფს. „ტაოფუდი“ასევე ონლაინ გაყიდვების პლატფორმებზეცაა წარმოდგენილი.

„საქართველოს ბაზარზე ცხოველური საკვების მწარმოებელი სულ 2-3 კომპანიაა. სექტორი მზარდია და ასევე იზრდება მოთხოვნაც. მოთხოვნა ძალიან დიდი გვაქვს, რადგან ფასები გვაქვს ძალიან დაბალი. ამის მიზეზი ისაა, რომ იმპორტისა და საწყობის გადასახადს არ ვიხდით. მართალია ბაზარი იმპორტული პროდუქციითაა გაჯერებული, მაგრამ ქართული პროდუქცია არის ნატურალური და არ შეიცავს ზედმეტ კონსერვანტებსა და დანამატებს.

დანადგარები გვაქვს უმაღლესი ხარისხის. ისეთივე, როგორსაც ევროპულ ქვეყნებში გამოიყენებენ. ჩვენ გვყავს სხვადასხვა ნუტრიციოლოგები და ტექნოლოგები მსხვილი კომპანიებიდან მოწვეული. მათი და ჩვენი ტექნოლოგების დახმარებით რაციონს ვადგენთ რაც ძაღლს, კატას და თევზს მოუხდება. დღეისათვის 12 სახეობის ძაღლის და კატის საკვებს ვაწარმოებთ. ასევე, 4 სახის თევზის საკვებს. ზაფხულში 5 სახის ახალი პროდუქტი უნდა დაგვემატოს, კერძოდ ძაღლის საკვები, რომელსაც გასტრო და ბეწვის პრობლემები აქვთ. ასევე კნუტის და სტერილიზებული კატის საკვებს.

ამ წლის თებერვლიდან, თბილისის ბაზარზეც შემოვედით და მუშაობა კომპანია "გორგიასთან" დავიწყეთ. ამ ეტაპზე, სხვადასხვა ქსელებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორიცაა მაგნიტი, გუდვილი, აგროჰაბი და მათთანაც ვგეგმავთ თანამშრომლობას. ჩვენ, 2024 წელს, პირველი ქარხანა ვართ, რომელმაც ცხოველთა კვების კუთხით ISO სერტიფიკატი მიიღო. შესაბამისად, ექსპორტის კუთხითაც დავიწყეთ მუშაობა. შემოთავაზება გვაქვს არაბული ქვეყნებიდან, კერძოდ აბუ-დაბიდან, რომ ჩვენი პროდუქცია მათთან გავიტანოთ, თუმცა მათ გარკვეული სტანდარტები აქვთ შეფუთვასთან დაკავშირებით, რაზედაც უნდა ვიმუშაოთ და გავაუმჯობესოთ“,- აცხადებს ბურდიაშვილი.

მისივე ცნობით, საბოლოო ჯამში, კომპანია ექსპორტისთვის იქნება მზად სექტემბერში იქნებიან.

ინფორმაციისთვის, კომბინირებული საწარმო სიღნაღში, წნორში მდებარეობს. საწარმოში, ჯამში, 900,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს 600,000 ლარს, 300,000 ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები