ტაქსების შემდეგ, ბასლეინებში სასკოლო ავტოტრანსპორტიც ივლის.
მერის განცხადებით, სკოლის ავტობუსებს ეს პრივილეგია 2024 წლიდან გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ მიეცემათ. კერძოდ, გადაადგილების უფლება ექნება ტექნიკურად გამართულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს ტექნიკური დათვალიერება და განთავსებული აქვს მერიასთან შეთანხმებული სპეციალური ვიზუალური ნიშანი, რომელიც ასახავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაჰყავს სკოლის მოსწავლეები. აღნიშნული ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტებზე, სამუშაო დღეების განსაზღვრულ მონაკვეთებში, დილის 06:00-დან 09:00-მდე და დღის 14:00-დან 18:00-მდე.
ავტობუსის ზოლებში მათ შეეძლებათ მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერება, არაუმეტეს ერთი წუთის დროით. შაბათ-კვირას, ოფიციალურ უქმე დღეებსა და სამუშაო დღეების დროის სხვა მონაკვეთებში, ავტობუსის ზოლში მოძრაობის ან წინასწარ შეთანხმებული მარშრუტის დარღვევის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდება.
იმისთვის, რომ სასკოლო ავტობუსს ჰქონდეს “ბასლეინზე” მოძრაობის უფლება, სკოლამ შესაბამის დაწესებულებას უნდა მიმართოს. მისი თქმით, აღნიშნული რეგულაცია სატესტო რეჟიმში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, 2024 წლის 1-ელ ივლისამდე იმოქმედებს. საუბარია თბილისში რეგისტრირებულ 19 ავტობუსს, 164 მიკროავტობუსსა და 82 მინივენზე.
ავტობუსის ზოლებში ა კატეგორიის ტაქსის მძღოლებმა მოძრაობის უფლება აპრილიდან მიიღეს. რასაც მაშინვე მოჰყვა სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე ექსპერტების მხრიდან კრიტიკა. რეფორმაზე მომუშავე პირები აცხადებდნენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მერიის სატრანსპორტო რეფორმას ეწინააღმდეგება და ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს.
სტუმარი: ეკა ლალიაშვილი - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე;