საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, აშშ-ში ავტოიმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესება ზოგადად ავტომობილების საფასურს გაზრდის, რაც საქართველოში აშშ-დან ავტოიმპორტზეც აისახება. სებ-ი მოელის, რომ ეს გარემოება აშშ-დან ავტოიმპორტს შეამცირებს, რაც თავის მხრივ ავტოექსპორტის შემცირებაზე აისახება. სებ-ის წინასწარი შეფასებით, ეფექტი შესაძლოა, 10.8%-საც შეადგენდეს.
ამასთან, სებ-ი მიუთითებს, რომ სატარიფო პოლიტიკის ირგვლივ კვლავ მნიშვნელოვანი გაურკვევლობა ნარჩუნდება და ეს შეფასება მომავალში, შესაძლოა, შეიცვალოს.
“პირდაპირი სავაჭრო არხით სატარიფო პოლიტიკას, შესაძლოა, ყველაზე დიდი გავლენა მსუბუქი ავტომობილების ბაზრიდან ჰქონდეს. 2025 წლის მაისიდან აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ძირითად საავტომობილო ნაწილებზე 25%-იანი ტარიფი ძალაში შევიდა. საქართველოსათვის ავტომობილების იმპორტის 50% აშშ-ის ბაზარზე მოდის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ იმპორტის დიდი ნაწილი რეექსპორტისთვის არის განკუთვნილი და ქვეყნის ეკონომიკაში დამატებულ ღირებულებას ქმნის. შესაბამისად დაანონსებული სატარიფო პოლიტიკის აღსრულება, ერთი მხრივ, მაღალი ფასის გამო იმპორტს შეამცირებს, თუმცა ამავდროულად რეექსპორტიდან მიღებულ დამატებულ ღირებულებაზეც და ეკონომიკურ აქტივობაზეც შესაძლოა უარყოფითად აისახოს. იმ დაშვებით, თუ 25%-იანი ტარიფები სამომხმარებლო ფასებს სრულად გადაეცემა, ხოლო იმპორტის ფასის მიმართ ელასტიურობა 0.79-ს უდრის (მსოფლიო ბანკის შეფასება), აშშ-დან საქართველოში ავტომობილების იმპორტი დაახლოებით 10.7%-ით შემცირდება. იმავდროულად თუკი დავუშვებთ, რომ ექსპორტის ფასის მიმართ ელასტიურობა 0.45-ია, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 10.8%-ით შემცირდება. გასათვალისწინებელია, რომ სატარიფო პოლიტიკის ირგვლივ არსებული მაღალი გაურკვევლობის გამო, ეს პირველადი შეფასება ახალი მონაცემების გამოქვეყნებისას შესაძლოა შეიცვალოს.
ასევე, მეორადი და ახალი მანქანები სამომხმარებლო კალათის შემადგენელი ნაწილიცაა და მსოფლიო ბაზარზე ავტომობილების გაძვირების შემთხვევაში მთლიან ინფლაციას ეს ფაქტორი დაახლოებით 0.1 პპ-ით გაზრდის. დამატებითი სცენარით, საქართველოს ავტომობილების ბაზრის სტრუქტურული შემადგენლობა შესაძლოა შეიცვალოს და აშშ-დან ავტომობილების იმპორტი სხვა ალტერნატიული წყაროებით ჩანაცვლდეს. თუმცა თუ ალტერნატიული წყაროები სრულად ვერ ჩაანაცვლებს აშშ-დან მიწოდებას, ამან შესაძლოა, რეგიონში საქართველოდან ავტომობილების ვაჭრობის შემცირება გამოიწვიოს”,- ნათქვამია სებ-ის შეფასებაში.
2024 წელს საქართველომ აშშ-დან 1.9 მილიარდი დოლარის ღირებულების 154 ათასი ავტომობილი შეიძინა, 2025 წლის პირველ კვარტალში კი იმპორტმა 352 მილიონი დოლარი (28 ათასი ავტომობილი) შეადგინა.




























