ყოფილი დეპუტატი და სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკას აფასებს. გოცირიძე მიიჩნევს, რომ სატარიფო პოლიტიკა, რომელსაც ტრამპი აწესებს როგორც ჩინეთთან, ასევე აშშ-ის მეზობელ ქვეყნებთან - კანადასა და მექსიკასთან აშშ-ში გარდაუვლად გამოიწვევს ფასების მატებას. ამასთან, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ პროტექციონისტული მიდგომით საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ისევე ამერიკული ბიზნესი დაზარალდება, რადგანაც უცხოური კონკურენციისგან დაცვა ინოვაციებში ინვესტიციების შემცირებაშიც აისახება.
რომან გოცირიძე - რატომ არის ტრამპის სატარიფო პოლიტიკა ცუდი:
1) მოხდება საპასუხო ტარიფების დაწესება სხვა ქვეყნების მიერაც, რაც წარმოშობს ტარიფების ომს.
2) ტარიფები გარდაუვლად იწვევენ ფასების ზრდას.
3) ტარიფები ამახინჯებენ საბაზრო ფასწარმოქმნას.
4) ადგილობრივი კომპანიები ექცევიან სასათბურო პირობებში და კონკურენციის გარეშე მათი ფუნქციონირება იწვევს წარმოებული საქონლის ხარისხის გაუარესებას, ზრდიან ფასებს, არ აბანდებენ ფულს ინოვაციებში და განვითარებაში.
5) ტარიფების უკონტროლო შემოღება და გაუქმება (ამერიკის შემთხვევაში ამის ერთპიროვნული უფლება აქვს პრეზიდენტს) ბადებს გაურკვევლობას, კორუფციას, ნეპოტიზმს, შეღავათების დაწესებას ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესისათვის. ვოლუნტარისტული ჩარევა ეკონომიკაში ამახინჯებს მის სტრუქტურას და ბაზარს უგზავნის ცრუ სიგნალებს.
6) თანამედროვე ბიზნესის განვითარების მთავარი კატალიზატორია საქმის კეთება საზღვრების გარეშე. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნამ და მასში გაწევრიანებამ სწრაფი განვითარების ბიძგი მისცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, ინდოეთს, რუსეთს, თურქეთს, ინდონეზიას და ა. შ. აქვე შეიძლება მოვიხსენიოთ საქართველოც. ტარიფები ანგრევენ წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვებს, რაც ძირს უთხრიან თანამედროვე მსოფლიოს ბიზნესმოდელს, ეს კი იწვევს წარმოების შემცირებას და ფასების ზრდა.
7) ერთპიროვნული ძალაუფლების ფლობა ტარიფების შემოღებაში ზრდის ბიზნესზე პოლიტიკური კონტროლის დაწესების რისკებს.
ტარიფებზე დიდ იმედებს ამყარებდნენ ამერიკაში გასული საუკუნის 30-იან წლებში, რასაც მოჰყვა ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისი და ეკონომიკის დაცემა,"- აღნიშნავს გოცირიძე.