დონალდ ტრამპი ე.წ. “სავაჭრო ომს” აგრძელებს. ამჯერად, პრეზიდენტმა დამატებითი 25%-იანი ტარიფით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ორი აპრილიდან ვენესუელური ნავთობის და გაზის შესყიდვას გააგრძელებენ.
ეს სანქცია, რასაკვირველია, პირველ რიგში ვენესუელის აშშ-ის მიერ არ აღიარებული პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს საწინაღმდეგოდაა შემოღებული, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ სამხრეთამერიკული ქვეყნის ნავთობის უდიდესი შემსყიდველი ჩინეთია, საგადასახადო ბარიერი, დიდწილად, სი ძინპინის ქვეყნისკენაც მიემართება.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებით ამერიკული ნავთობმომპობებელი გიგანტი Chevron-იც დაზარალდება, რადგან ვენესუელაში ნავთობის მოპოვებით სწორედ ეს კორპორაციაა დაკავებული. თეთრი სახლის განცხადებით, ამ ბაზრიდან გასასვლელად Chevron-ის მენეჯმენტს შვიდი კვირა დარჩა, რის შემდეგაც კომპანია დაკარგავს იმ ლიცენზიას, რომელიც 2022 წელს, პრეზიდენტ ბაიდენის პირობებში მიიღო. დოკუმენტის თანახმად, ვენესუელაში მოპოვებული ნავთობით Chevron-ი სწორედ მშობლიურ ამერიკას ამარაგებდა.
ახალი ტარიფების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი ბოლო სამი კვირის რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ამჟამად, ბარელი ნედლი ნავთობი $69.5-ის ფარგლებში ღირს, ანუ ბოლო ორ კვირაში შავი ოქრო 6.1%-ითაა გაძვირებული. თუკი ამერიკული სანქციების შიშით გლობალურმა მოთამაშეებმა ვენესუელური ნავთობის შესყიდვა შეწყვიტეს, ხოლო OPEC-ის წევრმა სახელმწიფოებმა ნავთობის მიწოდება არ გაზარდეს, ნედლი ნავთობი, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გაძვირდეს. თავად ვენესუელას კი, ნავთობის გაყიდვა დიდი ფასდაკლებით მოუწევს.
ვენესუელა არის ქვეყანა, რომელიც პლანეტაზე ყველაზე დიდ სანავთობო რეზერვებს ფლობს და ეს ამ სამხრეთამერიკული ქვეყნის ეკონომიკურ აგებულებაზეც ჩანს, რადგან ნავთობი ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონელია. ვენესუელური ნავთობის და ნავთობპროდუქტების უდიდესი შემსყიდველი ჩინეთია, რომელიც თებერვალში დღიურად საშუალოდ 503,000 ბარელს ყიდულობდა. ვენესუელურ ნავთობს ასევე ყიდულობენ ინდოეთი, ესპანეთი, იტალია და კუბა, ანუ აშშ-ის ტარიფები ამ ქვეყნებსაც შეეხებათ.
აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად ვენესუელაზე, რომელიც, ერთ დროს, პლანეტის უმდიდრესი სახელმწიფო იყო. გასული საუკუნის 50-იან წლებში, ქვეყანაში ნავთობის ბუმი დაიწყო, რამაც ვენესუელას მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა განავითარა. 1980-იან წლებში, ვენესუელის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე $7,000-ის ტოლი იყო, ანუ ვენესუელელები დაახლოებით ისევე ცხოვრობდნენ, როგორც დასავლეთ გერმანიაში და იაპონიაში მცხოვრებები, ხოლო სამხრეთ ამერიკაში ის უდავო ლიდერი იყო.
იმ დროს, ვენესუელას მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარი ნავთობზე მოდიოდა, რაც არც თუ ისე კარგი ბალანსია, თუკი ქვეყნის მიზანი გრძელვადიანი მდგრადი განვითარებაა. პრობლემებმა თავი 1980-იანი წლების სანავთობო კრიზისის დროს იჩინა, როცა შავი ოქრო მკვეთრად გაიაფდა, ხოლო მთავრობამ ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხა. საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციისთვის, ვენესუელამ დამატებითი ვალი აიღო, ხოლო ქვეყანა ინფლაციაში, უმუშევრობასა და სიღარიბეში ჩაეფლო. 1990-იან წლებში, ქვეყანა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ და კორუფციამ მოიცვა, რამაც შექმნა ის ვენესუელა, რომელსაც დღეს ვიცნობთ.