მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ აპირებს ჩინეთის მთავრობა ტარიფებთან გამკლავებას და ეკონომიკის გაზრდას?

ჩინეთი სი ძინპინი

ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომი დაძაბულობის ახალ ეტაპზე გადავიდა - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით, ვაშინგტონმა პეკინის წინააღმდეგ ახალი ტარიფები დააწესა, რასაც რთულია მეგობრული აქტი ვუწოდოთ.

მართალია, ჩინეთს საპასუხო ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აზიური დრაკონი პასუხს არ დააყოვნებს და ამერიკას ახალი სანქციებით გაახარებს.

სანამ პრეზიდენტი სი ძინპინი ახალ განკარგულებას მოაწერს ხელს, მანამდე ჩინეთის საელჩომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ ამერიკას სავაჭრო ომი უნდა, ის ამას აუცილებლად მიიღებს და ჩინეთი უკან არ დაიხევს.

ზესახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გაუარესების მიუხედავად, მმართველი კომუნისტური მთავრობა მაინც აცხადებს, რომ მიმდინარე 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკა მინიმუმ 5%-ით გაიზრდება, რაც, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამბიციური მიზანია.

როგორ გეგმავს ჩინეთის მთავრობა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას? - სუბსიდიებით... როგორც ვიცით, მომდევნო რამდენიმე თვეში, კომუნისტური პარტია ქვეყნის უდიდეს ბანკებში სულ მცირე $55 მილიარდს ჩაასხამს. ეკონომისტების ვარაუდით, ფინანსური სექტორისთვის გამოყოფილმა სრულმა ბუსტმა, შესაძლოა, ერთი ტრილიონი იუანი, ანუ 140 მილიარდი დოლარი შეადგინოს. ამ თანხას ჩინეთის ფინანსთა სამინისტრო, სავარაუდოდ, სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვით მოიზიდავს.

აქვე, შეიძლება გაგვიჩნდეს შეკითხვა, თუ რატომ სჭირდება მთავრობას სუბსიდიების გამოყოფა ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ინვესტორებმა ქვეყანაში თანხის დაბანდება შეწყვიტეს, უფრო მეტიც, ახლა მათ კაპიტალი ქვეყნიდან გააქვთ, რაც უცხოური ინვესტიციების 99%-იან კლებას იწვევს.

როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, გასული 2024 წლის განმავლობაში ჩინეთში განხორციელებული წმინდა FDI-ის მოცულობამ 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანუ ინვესტიციების მოცულობამ ერთ წელიწადში $168 მილიარდით იკლო, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნიდან იმაზე მეტი კაპიტალი გადის, ვიდრე შემოდის. ასეთი ცუდი შედეგი ჩინეთს 1990-იანი წლების შემდეგ არ ჰქონია, ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რევოლუცია მოხდა.

შედარებისთვის, 2021 წელს ჩინეთში რეკორდული $344 მილიარდის FDI განხორციელდა, ანუ ამ პერიოდთან შედარებით კლება 99%-ია.

FDI-ს შემცირება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ჩინეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური ურთიერთობის გაუარესებაა. ამასთან, დონალდ ტრამპი ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით შეზღუდვებს, ტარიფებსა და სანქციებს აანონსებს, ეს კი ინვესტორების განწყობაზე ნეგატიურად აისახება. მათ განსაკუთრებით აშფოთებთ ტრამპის განცხადება, რომლითაც ის BRICS-ის წევრ სახელმწიფოებს 100%-იანი სატარიფო რეჟიმის ამოქმედებით ემუქრება.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩინეთის უძრავი ქონების სექტორი კოლაფსის პირასაა. ორი უმსხვილესი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, Evergrande და Country Garden-ი გადახდისუუნაროა, მათ მიერ ობლიგაციებზე დეფოლტის გამოცხადება კი უძრავი ქონების სექტორში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს. ინვესტორები შიშობენ, რომ უახლოეს მომავალში Country Garden-ს გაკოტრების გამოცხადება მოუწევს, ეს კი უძრავი ქონების სექტორში ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რომელიც შემდგომ, სავარაუდოდ, ბანკებს და სხვა კომპანიებსაც შეიწირავს.

ამასთან ერთად, ქვეყანაში დეფლაცია ფიქსირდება და წინა წელთან შედარებით მწარმოებელთა ფასების შემცირების მაჩვენებელი 2.3%-ს შეადგენს, რაც ბოლო 15 წლის მინიმუმია. ინფლაციის ნეგატიური მაჩვენებლის დაფიქსირება იმის მაუწყებელია, რომ ქვეყნის მასშტაბით ქარხნების მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ფასები მცირდება, რაც ჩინეთის მსგავსი სახელმწიფოსათვის სასურველი მოცემულობა არ არის, რადგან ფასების შემცირება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას იწვევს, ჩინეთის მთავრობას კი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იან წლიურ ზრდაზე აქვს გათვლები გაკეთებული.

დეფლაციის განმაპირობებელ მიზეზებს შორის უმთავრესი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ქვეყნის მასშტაბით გაძვირებული კრედიტია, რასაც განსაკუთრებით ართულებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებით არსებული ვითარება და უძრავი ქონების სექტორში დაგროვილი რისკები.

დეფლაციასთან ერთად, ჩინეთში საწარმოო აქტივობის ინდექსი, იგივე PMI ეცემა. წარმოების სექტორს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში ყველაზე დიდი, 28%-იანი წილი უჭირავს, შესაბამისად, მისი შემცირება ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

თუ ამ ყველაფერს იმასაც დავუმატებთ, რომ ამერიკა და ევროკავშირი ჩინური ავტომობილების და სათადარიგო ნაწილების იმპორტის სრულად აკრძალვას გეგმავენ, მარტივად გავიგებთ, თუ რატომ აღარ სურთ ინვესტორებს ჩინეთში კაპიტალის დაბანდება და რატომ უწევს მთავრობას ქვეყნის ეკონომიკის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები