აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამკაცრებული სატარიფო პოლიტიკის ფონზე, ბრიტანული თვითმფრინავის ძრავების და ბირთვული რეაქტორების მწარმოებელი ბრიტანული Rolls-Royce-ი ფიქრობს, ხომ არ სჯობს, წარმოება გაერთიანებული სამეფოდან ამერიკაში გადაიტანოს.
დღეს, Rolls-Royce-ი აშშ-ში თერთმეტ ოფისს ფლობს, სადაც 6,000-მდე ადამიანს ასაქმებს და თუ სამუშაო ძალას გაზრდის ან ბრიტანეთში არსებულ კადრებს ოკეანის გაღმა გადაიყვანს, მეტი საქმის შესრულებას შეძლებს და თან, ტარიფებსაც ასცდება.
ბრიტანული გიგანტისთვის ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარი ისედაც გადამწყვეტია. გასულ წელს, Rolls-Royce-მა ამ კონტინენტზე $7.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად $1.7 მილიარდით, ანუ 28%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამერიკის შეერთებულ შტატებზე Rolls-Royce-ის ჯამური შემოსავლის მესამედი მოდის, რადგან ბრიტანული კომპანიის დიდი დამკვეთები, მათ შორის Boeing-ი, Lockheed Martin-ი და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი სწორედ იქ არიან ბაზირებულები. თან, კომპანიის ლოგისტიკური ჯაჭვი ისე არის აწყობილი, რომ ამერიკაში წარმოებული პროდუქცია, ფაქტობრივად სრულად, ამერიკისთვისაა განკუთვნილი, რაც ნიშნავს, რომ ამ მხრივ, კომპანიას ტარიფის გადახდა არ მოუწევს.
ბრიტანული Rolls-Royce-ი, რომელიც, უმეტესწილად, ძვირად ღირებული ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საინჟინრო კომპანიაა, რომელიც თვითმფრინავების ძრავებს და ბირთვულ რეაქტორებს ქმნის. რეალურად, Rolls-Royce-ის ბიზნესი სწორედ ესაა, რადგან ავტომობილების წარმოება ამ ბრიტანულმა კომპანიამ გერმანულ BMW Group-ს ჯერ კიდევ 1998 წელს გადააბარა. იმ გარიგების შედეგად, ბრიტანულ კომპანიას მხოლოდ ორი რამ დარჩა, ესენია Rolls-Royce-ის მრავალსაუკუნოვანი ბრენდი და Spirit of Ecstasy-ის სახელით ცნობილი ანგელოზის ლეგენდარული სიმბოლო, რომელსაც Rolls-Royce-ის ყველა ავტომობილზე ვხვდებით.
აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ თავად Rolls-Royce-ზე, რომელიც, მართალია, ავტომობილების წარმოებით არის ცნობილი, მაგრამ რეალურად გაცილებით ბევრ ბიზნესს არის მოდებული და ავიაციის, უსაფრთხოების და ენერგეტიკის სექტორებში ოპერირებს. კომპანია, რომელიც ამ მიმართულებით ვითარდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის დალისტული, სადაც Rolls-Royce-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $87.2 მილიარდს შეადგენს. 2022 წლის ოქტომბერში, აქციონერები კომპანიას $7 მილიარდად აფასებდნენ, რაც 1,145%-იანი ზრდაა.