მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტარიფების გადახედვის გარეშე, ბევრი სამედიცინო დაწესებულება ალბათ დაიხურება - “ჯანდაცვის ასოციაცია”

625bd9af3b04a
ლიკა გურაბანიძე
17.04.22 13:55
1315
“საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის” წარმომადგენლის ნინა კიკნაძის განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის მხრიდან მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფისთვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გადახედვა და ინდექსაცია მნიშვნელოვანია.

„სხვა შემთხვევაში ბევრი სამედიცინო დაწესებულება ალბათ დაიხურება, რადგან ფუნქციონირება გაუჭირდებათ“, - აცხადებს bm.ge-სთან ნინა კიკნაძე.

საქმე ის არის, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის მარტიდან ამოქმედდა და როგორც სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი აცხადებს, ბოლო რვა წლის განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურება, კომუნალური გადასახადების ზრდა და ასევე, სახარჯი მასალის საგრძნობი გაძვირება სამედიცინო მომსახურების ტარიფებზე არ ასახულა, რაც ჰოსპიტლების მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება.

„2013 წლის მარტში დადგენილი ტარიფებით ვმუშაობთ, გადახედვა არ მომხდარა. დღეს კი, 8 წლის წინანდელთან შედარებით ყველაფერი 90%-ით გაძვირებულია“, - განმარტა მან.

ნინა კიკნაძე ჰოსპიტალური სექტორისა და სახელმწიფოს, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინირებული მუშაობის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე საუბრობს.

“შედეგის დანახვა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სხვადასხვა ფორმით უნდა მოხდეს - ეს იქნება მეთოდოლოგიის მომზადება ტარიფების ინდექსაციისთვის თუ სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა. სახელმწიფომაც და კერძო სექტორმაც უნდა გაიაზროს, რომ ისინი ერთ უმთავრეს მიზანს - ქვეყანაში ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების არსებობას ემსახურებიან. ეს ორი ცალ-ცალკე მხარე არ არის, არის ერთიანობა, რომელმაც აუცილებლად უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეს უკეთესი ჯანდაცვის სერვისების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს“, - აღნიშნა ნინა კიკნაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები