აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით, ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს. ჩინური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადებაში.
პარალელურად, კანადამ და მექსიკამაც, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების საპასუხოდ, აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების დაწესება გამოაცხადეს.
საქმე ის არის, რომ იქამდე, თეთრი სახლის ცნობით, 1-ელი თებერვლიდან აშშ-მა უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს - კანადას, მექსიკასა და ჩინეთს - ტარიფები დაუწესა. ორი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ ტრამპის ადმინისტრაცია 25-25%-იან ტარიფებს შემოიღებს, ხოლო ჩინეთის წინააღმდეგ 10%-იანი ტარიფი დაწესდება.
ჩინეთი
კომერციის მინისტრის თქმით, ჩინეთი აშშ-ის არასწორი მოქმედების პასუხად საჩივარს წარადგენს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO).
„აშშ-ის მხრიდან დამატებითი ტარიფის ცალმხრივი დაკისრება სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ვერ შეძლებს საკუთარი პრობლემების მოგვარებას, არამედ შეაფერხებს ორ ქვეყანას შორის ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, მოაგვაროს ფენტანილის პრობლემა და მასთან დაკავშირებული საკითხები ობიექტურად და რაციონალურად და ნუ გამოიყენებს უხვ ტარიფებს სხვა ქვეყნების მუქარისთვის.
მექსიკა
მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით, მისი მთავრობა ცდილობდა დიალოგს, ვიდრე ჩრდილოეთით თავის მთავარ სავაჭრო პარტნიორთან დაპირისპირება დაიწყებოდა, მაგრამ მექსიკა იძულებული გახდა, რეაგირება მოეხდინა.
მექსიკის პრეზიდენტი ამ დროისთვის არ აკონკრეტებს, რომელ პროდუქციას შეეხება მექსიკური ტარიფები.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ თეთრი სახლის ცილისწამებას იმის შესახებ, რომ მექსიკის მთავრობას კრიმინალურ ორგანიზაციებთან ალიანსები აქვს“, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეკონომიკის მინისტრს აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებზე რეაგირება დაავალა, რომელიც მოიცავს საპასუხო ტარიფებს და სხვა ზომებს.
კანადა
საპასუხო ტარიფების ამოქმედებას გეგმავს კანადაც, რომელსაც ტრამპი აშშ-ის ნაწილად განიხილავს და არ მალავს სურვილს, რომ ეს ოფიციალურადაც გაფორმდეს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე, მათ შორის შორის ალკოჰოლსა და ხილზე, 25%-იან ტარიფს დააწესებს.
ტრუდოს თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები „ეკონომიკურ ტკივილს“ გამოიწვევს და კანადელებს მოუწოდა, ამერიკული სერვისების და პროდუქტების ნაცვლად კანადური აირჩიონ.
მუქარა ტარიფებით
30 იანვარს ტრამპი 100%-იანი ტარიფების დაწესებით განმეორებით დაემუქრა BRICS-ის წევრ ქვეყნებსაც, მათ შორის, ბრაზილიას, რუსეთის, ინდოეთსა და ჩინეთს, თუკი ისინი სარეზერვო ვალუტად ამერიკული დოლარის ჩანაცვლებას შეეცდებიან.
მან ასევე ტარიფების მუქარას მიმართა კოლუმბიის წინააღმდეგაც, როდესაც პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ უარი თქვა აშშ-დან გაგზავნილი ორი სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომელშიც დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ.
პეტროს მიერ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ტრამპმა ყველა კოლუმბიურ პროდუქტზე საგანგებო 25%-იანი ტარიფის დაწესების ბრძანება გასცა, ხოლო ქვეყნის მთავრობის წევრების, ასევე მათი მხარდამჭერებისა და ოჯახების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები დააწესა. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გააუქმა, რაც ორივე მხარე კოლუმბიელი მიგრანტების აშშ-დან დეპორტაციის პროცესზე შეთანხმდა.



























