ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, აშშ-ს მიერ დაწესებულ ტარიფებს ამერიკაში ექსპორტზე უმნიშვნელო გავლენა ექნება, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწის მოადგილე სილვია სავიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი "მაღალი დონის დიალოგი ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე" შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში.
"საუბარი ასევე შეეხო აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის სატარიფო პოლიტიკას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით გააგრძელებენ ინფორმაციის გაცვლას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ტარიფებთან დაკავშირებულ ცვლილებას აშშ-ში ექსპორტზე უმნიშვნელო გავლენა ექნება", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, აშშ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად მზარდი დინამიკით ხასიათდება - 2024 წელს აშშ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე იყო დაახლოებით 9%-იანი წილით.
"საქართველო აშშ-ისთვის არა მარტო მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, არამედ მას ჰაბის ფუნქციაც ეკისრება ამერიკიდან ექსპორტირებული პროდუქციის რეგიონის სხვა ქვეყნებში გადანაწილების კუთხით. ეს განსაკუთრებით ეხება მსუბუქ ავტომობილებს და გარკვეული სახის აგროპროდუქციას, რომლებიც საქართველოს მეშვეობით ცენტრალური აზიისა და რეგიონის სხვა ქვეყნებში რეექსპორტის სახით გადის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დასასრულს აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები, ისევე როგორც საქართველო მზად არიან აქტიურად განავითარონ ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობები.
ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების რეიტინგში აშშ პირველ ადგილზეა - როგორია დინამიკა და რატომ?




























