ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის TAV Georgia წელს 5 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებს. პროექტი საქართველოს ზღვისპირა ქალაქში აეროპორტის გამტარუნარიანობას 25%-ით გაზრდის.
საინვესტიციო პროექტზე TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ BM.GE-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბათუმის აეროპორტი 2027 წელს განახლებული სახით შეხვდება, გამტარუნარიანობა კი 400 000 მგზავრით გაიზრდება.
„ბათუმის აეროპორტში ბოლო ორი წლის განმავლობაში მგზავრთნაკადი თითქმის 40-45%-ით გაიზარდა და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ბათუმის აეროპორტის გაფართოება. სამუშაოები მოიცავს როგორც გაფრენის, ასევე მოფრენის ტერმინალს, ასევე თანამშრომლებისთვის შეიქმნა ახალი საოფისე სივრცეები, რომელიც 450 კვ.მ.-ზეა განთავსებული.
ამ ეტაპზე აეროპორტში 14 სარეგისტრაციო დახლი გვაქვს, ვამატებთ 4-ს და იქნება ჯამში 18.
ვფიქრობთ, ყველა ეს სამუშაო წლის ბოლომდე დასრულდება და მომავალ წელს უფრო გამართული ინფრასტრუქტურით შევხვდებით.
ჯამში ბათუმის აეროპორტის ტერმინალის ინფრასტრუქტურა 25%-ით გაიზრდება, რაც მგზავრების უფრო კომფორტულად მიღების შესაძლებლობას მოგვცემს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი ამ არსებული ტერმინალით არის 1.3 მილიონია, ხოლო იმ ცვლილებებით, რასაც ჩვენ ვახორციელებთ წელს, 1.7 მილიონამდე გაიზრდება.
საერთო ჯამში ინვესტიცია, რომელსაც წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვხარჯავთ 5 მილიონი დოლარია“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ და აღნიშნა, რომ TAV Georgia სახელმწიფოსთან აეროპორტის უფრო მასშტაბური გაფართოების პროექტზე მუშაობს: „ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ეს მოლაპარაკებებიც დასრულდება“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა.
დღეს, "ტავ ჯორჯიას" გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ აღნიშნული სამუშაოები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს ადგილზე გააცნო.
TAV Georgia-ს ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის არსებულ 8,000 მ²-ს დაახლოებით 1000 მ² ფართობის ახალი სივრცეები ემატება, რომელიც მოიცავს, როგორც საოპერაციო ასევე ადმინისტრაციულ ზონებს - სხვადასხვა ზონაში მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოების ერთობლიობა კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობას ჯამში 22-25%-მდე ზრდის.
სარეგისტრაციო ზონაში არსებული დახლების რაოდენობა 14-დან 18-მდე იზრდება, რაც დააჩქარებს რეგისტრაციის პროცესს. ასევე პროექტის ფარგლებში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საზღვრის კონტროლის ზონაში საპასპორტო შემოწმების ჯიხურების რაოდენობა 5-მდე იზრდება, რაც საერთო ჯამში გასასვლელების რაოდენობას 8-დან 10-მდე გაზრდის. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს საემიგრაციო პროცედურებისთვის საჭირო დროს.
მათივე ცნობით, უკვე დასრულებულია Duty Free ზონის გაფართოების სამუშაოები. განახლებული სავაჭრო ზონა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და ის სრულად არის დატვირთული პროდუქციით და უკვე ემსახურება მგზავრებს.




























