მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV Georgia-მ ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე მიულოცა

თეა ზაქარაძე
07.12.23 18:40
518

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე მიულოცა.

TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ტრადიციულად, საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს TAV-ის სახელობითი სტიპენდია გადასცა.

„ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების ხელშეწყობა და ახალი სისხლის, ახლებური ხედვის და ენერგიის შემოტანა ავიაციაში ჩვენთვის პრიორიტეტულია. ამიტომაც, TAV Georgia სტუდენტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. ჩვენ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ყოველწლიურად ათობით სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ვასაქმებთ“,- განაცხადა თეა ზაქარაძემ.

TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა დღეს ასევე დააჯილდოვა აეროპორტის ღვაწლმოსილი თანამშრომლები და მათ მრავალწლიანი ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„წლევანდელი წელი საიუბილეოა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში, ვინაიდან, სამოქალაქო ავიაციის პირველი კომერციული რეისი ჩვენს ქვეყანაში ზუსტად 100 წლის წინ, 1923 წელს შესრულდა. სამოქალაქო ავიაციის განვითარებას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს და ბოლო ორი ათწლეულია, ამ ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა TAV Georgia. TAV Georgia-მ ახალი სიტყვა თქვა საქართველოს ავიაციის განვითარებაში და ყველაზე მეტად მეამაყება, რომ გვყავს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი, რაც არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი აქტივია“, - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით 2023 წლის ორი უმსხვილესი ავიაკომპანიის - თურქეთის ავიახაზებისა(Turkish Airlines) და საქართველოს ავიახაზების(Georgian Airways) წარმომადგენლებს. სიმბოლურად დაჯილდოვდა ახალი ქართული ავიაკომპანია Georgian Wings-ი, რომელმაც ოპერირება მიმდინარე წელს დაიწყო.

ღონისძიებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ედიშერაშვილი, საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი სერგო ტეფნაძე და ავიაკომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები