თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ISAGO-ს სერტიფიკატის მისაღებად ემზადება. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე გადაცემაში "საუბრები ავიაციაზე" აცხადებს, TAV-ის ოპერირებად აეროპორტებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება პირველი, რომელიც ISAGO-ს სერტიფიკატს აიღებს.
„ბოლო თვეებია, ჩვენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ISAGO-ს დანერგვაზე ვმუშაობთ. ISAGO არის ყველაზე მაღალი საფეხური მომსახურების სფეროში. ISAGO არ არის ისეთი თემა, რომ დღეს გადაწყვიტო და ხვალ აუდიტორებთან კონტრაქტი გააფორმო. ეს ძალიან რთული, კომპლექსურად სამუშაო თემაა. ერთობლივად 5 დეპარტამენტი მუშაობს მასზე და ვიდრე აუდიტორები ჩამოვიდოდნენ და ამ პროცესს დავიწყებდით, ჩვენ ვიზრუნეთ ყველაფერზე. განვაახლეთ ყველაფერი. იქ, სადაც შეიძლებოდა პატარა შენიშვნა მიგვეღო, ყველაფერი აღმოვფხვერით, გამოვასწორეთ. ძალიან გამიხარდა, როდესაც მათი რეპორტი ვნახე, რომ ნორმალურზე კარგი სიტუაციაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ვფიქრობთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ISAGO-ს სერტიფიკატი უკვე მარტის ბოლოსთვის ექნება. ცხადია, მას შემდეგ, რაც გავივლით ყველა საფეხურს და ყველა იმ პროცესს, რაც ამ გზაზე საჭიროა. საზოგადოებისთვის მარტივად რომ ავხსნა, ყველა ავიაკომპანია, ვიდრე ფრენებს იწყებს, ჩამოდის აუდიტზე, ანუ ჩვენი ყველა სერვისის აუდიტირებას აკეთებს. ISAGO-ს შემთხვევაში, ავიაკომპანია აუდიტს აღარ ითხოვს. ISAGO ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს უმაღლესი შეფასება და შესაბამისად, ეს მოიზიდავს ძალიან ბევრ ავიაკომპანიას. როცა აეროპორტს ასეთი დონის საერთაშორისო სერტიფიკატი აქვს, იქ უკვე ეჭვის საბაბი არ რჩება“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.