მზად ვართ, ვიმუშაოთ სახელმწიფოსთან ერთად, რათა საქართველოს უფრო დიდი, განვითარებული ინფრასტრუქტურა ჰქონდეს... მზადყოფნაში ვართ, ველოდებით, - ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა.
მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით, თბილისში, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. ამჟამად ვაზიანის აეროპორტი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია და მას სამხედრო დანიშნულება აქვს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ახალი აეროპორტის ასაშენებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ავსტრიული კომპანია Airport Competence GmbH-ი ჩაატარებს.
"ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერი თეა ზაქარაძე ამბობს, რომ თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია ნებისმიერ ახალ წამოწყებას, ახალ გამოწვევას, ნებისმიერ ახალ პროექტს მიესალმება.
"ჩვენ საავიაციო საქმიანობაში, ავიაციის ისტორიაში ჩვენი სიტყვა ვთქვით. რა თქმა უნდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი პატარაა და ის განვითარებას საჭიროებს. იქნება ეს აქ თუ სხვა ადგილას ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გავუზიაროთ; მზად ვართ სახელმწიფოსთან ერთად ვიმუშაოთ, რათა საქართველოს უფრო დიდი, განვითარებული ინფრასტრუქტურა ჰქონდეს, რომელიც ქვეყნის შესაბამისი იქნება. ჩვენ მზადყოფნაში ვართ, ველოდებით... იცით, რომ სახელმწიფო მუშაობს, მიმდინარეობს შესწავლა და როგორც კი დასკვნა დაიდება. ჩვენი ჩართულობის საკითხიც ამის შემდეგ გადაწყდება", - განაცხადა ზაქარაძემ.
რაც შეეხება თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მასტერპლანებს, ზაქარაძის თქმით, ბათუმის მასტერპლანი მზად არის და სახელმწიფოს მომავალ წელს გადასცემენ.
„TAV Georgia-მ მასტერპლანი არსებულ ლოკაციაზე მოამზადა, სადაც ახლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს. რაც შეეხება ახალ აეროპორტს, ახალ აეროპორტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ჩვენი არანაირი ჩართულობა არ არის.
ასევე მოვამზადეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანი, რომელსაც წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს გადავცემთ. ეს არის ჩვენი ხედვა, ეს არის ფრანგული კომპანია edp-ს ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები არსებულ ლოკაციებზე. მეორე პროექტი აბსოლუტურად განსხვავებულია, საინტერესო პროექტი, ახალი გამოწვევა და როგორც გითხარით ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ ამ პროცესის თანამონაწილე“, - თქვა მან.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რეაბილიტაციაზე მაშინ, როცა ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენება იგეგმება, ზაქარაძე პასუხობს:
„ვაზიანზე ახლა მუმშაობა სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარეობს. მაგრამ ჩვენი რეალობა ეს აეროპორტია [თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი]. ვაზიანის მშენებლობა 2024 წელს რომც დაიწყოს მინიმუმ 3-4 წელი სჭირდება. შესაბამისად, მანამდე ეს ტერმინალი ფორმაში და თავისი ყველა ინფრასტრუქტურით გამართული უნდა იყოს, რათა მგზავრს იმის განცდა არ ჰქონდეს, რომ რაღაც მოძველებულია, ან რაღაც არ კეთდება. ჩვენ ბოლო დღემდე ჩავდებთ ინვესტიციას, განვავითარებთ არსებულ ტერმინალებს თბილისშიც და ბათუმშიც. ბათუმში ჩვენ 2 წლის უკან ახალი მოფრენის ტერმინალი გავხსენით, იქ ნაკლები სამუშაოა. მაგრამ თბილისის აეროპორტი შედარებით მოძველებული და უფრო დაბალ ტრაფიკზეა გათვლილი. ამიტომ აუცილებელია, რომ მგზავრების მომსახურება ყოველ წლიურად არსებულ სივრცეში შევძლოთ“.