TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის თეა ზაქარაძის განცხადებით, 2007 წელს გახსნილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი რენოვაციას საჭიროებს. აეროპორტის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, კონკრეტულად რა პროექტებზე მიიმართება ახალი კონტრაქტით გათვალისწინებული 150 მლნ დოლარის ინვესტიცია.
ტერმინალის რენოვაცია, ბიზნესმგზავრების მომსახურებისთვის და კერძო ჩარტერებისთვის განკუთვნილი ახალი სივრცეები, თვითმფრინავებისთვის სადგომი - ეს იმ პროექტების ჩამონათვალია, რაშიც თეა ზაქარაძის თქმით, მომდევნო წლებში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
„თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი 2007 წელს გაიხსნა. შესაბამისად, რენოვაცია და ხელის შევლება თუ გალამაზება სჭირდება. ეს ინვესტიცია ითვალისწინებს, როგორც ტერმინალის რენოვაციას, ასევე ითვალისწინებს დამატებით ინფრასტრუქტურას და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გამოვყოთ პროექტიდან, არის რომ ბიზნესმგზავრებისთვის და ბიზნესსერვისებისთვის აბსოლუტურად ახალი სივრცე იქნება, სამჯერ უფრო დიდი, ვიდრე დღეს გვაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, კერძო ჩარტერებისთვის, იმ ადამიანებისთვის, იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც საკუთარი თვითმფრინავით გადაადგილდებიან.
საქართველო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მგზავრებისთვის ქვეყნის კარია. შესაბამისად, ყველანაირი ინფრასტრუქტურა უნდა არსებობდეს და სწორედ ეს ინვესტიცია ითვალისწინებს იმ ინფრასტრუქტურას, რაც დღესდღეობით ჩვენ არ გვაქვს და არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოებას. ეს უპირველესია.
რაც შეეხება ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებული კონტრაქტი, რომელიც 2027 წელს სრულდებოდა, 2031 წლის ბოლომდე გაგრძელდა. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ხუთი-ექვსი წლით აბსოლუტურად საკმარისია იმ ტრაფიკისთვის, იმ ავიაკომპანიებისთვის, იმ რაოდენობისთვის, რაც ჩვენ გვაქვს და უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გვექნება, სააეროდრომო ინფრასტრუქტურა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საკმარისია. მხოლოდ თვითმფრინავების სადგომებს დავამატებთ და ეს ყველაფერი, პროექტში გათვალისწინებულია“, - განაცხადა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა.
თეა ზაქარაძის განცხადებით, TAV Airports-ის საინვესტიციო გეგმა გადაიხედება: „ყოველდღიური ოპერირებისთვის საჭირო ბიუჯეტი განსაზღვრული გვაქვს. 2026-ში დაგეგმილი სამუშაოების გაგრძელებას სწორედ ამ ბიუჯეტით ვაპირებთ. საინვესტიციო გეგმა იმ ნაწილში გადაიხედება, თუ რა ავიაკომპანიებსაც ახლა ველოდებით, რომელი ავიაკომპანიაც იწყებს უკვე ზაფხულის სეზონიდან ოპერირებას, მათთვის დამატებითი ინფრასტრუქტურა დაგვჭირდება. ამ ინფრასტრუქტურას, რა თქმა უნდა, უკვე პროექტის ფარგლებში ავაშენებთ“.



























