სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვეყნის ბიუჯეტის მიმართ 34.7 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება აქვს, რაც უწყების მიერ გადაუხდელ საბაჟო გადასახადს წარმოადგენს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სამინისტროს საკუთრებაში განუბაჟებელი მარაგებია და ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არაერთი წლის განმავლობაში დაგროვდა.
“სამინისტროს აპარატის 2019 წლის ბოლოს არსებული კრედიტორული დავალიანების ნაშთი შეადგენს 57,897,121 ლარს, საიდანაც, დაახლოებით, 60% ანუ 34.7 მილიონი ლარი წარმოადგენს საქონლის განბაჟების შედეგად ბიუჯეტის წინაშე არსებულ დავალიანებას", - ნათქვამია ანგარიშში.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა განუბაჟებელი ტექნიკა სხვადასხვა კატეგორიისაა, მათ შორისაა ძრავები და სხვა. ამასთანავე, აუდიტის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ სამინისტროში განუბაჟებელი პროდუქციის სწორად აღრიცხვა არ ხდება:
“ზოგიერთ შემთხვევაში, სამინისტროს მიერ თანხობრივად აღრიცხულია ისეთი აქტივები, რომლებიც განბაჟებული არ არის, ხოლო ქვედანაყოფები ასეთ აქტივებს აღრიცხავენ მხოლოდ რაოდენობრივად. მაგალითად, 2019 წელს ქვედანაყოფების მიერ მიღებული 3,734,819 ლარის ღირებულების განუბაჟებელი აქტივები, თანხობრივად აღრიცხული არ არის.
2019 წელს ერთ-ერთ ტექნიკაზე დამონტაჟებულია ამავე წელს მიღებული, 38,500 ამერიკული დოლარის ღირებულების განუბაჟებელი ძრავი, რომელიც ფინანსურად არ არის აღრიცხული. ქონების ფასგარეშე აღრიცხვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს სამინისტროში წლების განმავლობაში განუბაჟებელი საქონლის მიღება/ხარჯვის დამკვიდრებული პრაქტიკა.
აუდიტის მიერ იდენტიფიცირებულია 1,127,716 ამერიკული დოლარისა და 24,885 ევროს ღირებულების განუბაჟებელი აქტივები; აღნიშნული წარმოადგენს კონკრეტულ მაგალითს, თუმცა ასეთი ტიპის აქტივების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია,” - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მთლიანობაში თავდაცვის სამინისტროს ფინანსური ანგარიში არ აკმაყოფილებს ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ამიტომაც მასზე უარყოფით დასკვნას გასცემენ.
“თავდაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად,” - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.