დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ცოლის ძმა ვასილ მხეიძე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლის ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, გიორგი ხაინდრავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ვასილ მხეიძეს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ჩამოერთვა ნივთმტკიცებად ცნობილი საგნები.
თავად ყოფილ მინისტრს კი 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და ჩამოერთვა ქონება მათ შორის, ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი გასული წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, მან 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ბურჭულაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს ამბობდა. ერთადერთი ვისაც ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ვლადიმერ ღუდუშაურია. ის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსია, რომელიც 4 წლით პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით გათავისუფლდა.




























