მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და მაღალჩინოსნები ₾1.3 მილიონის გაფლანგვის საქმეზე დააკავეს

სუს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებენ - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ დღეს, 27 ივლისს, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქმე ეხება თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გ.ხ.-ს, [გიორგი ხაინდრავას] შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს ვ.ღ.-ს და ვ.მ.-ს, რომელიც იმ დროის თავდაცვის მინისტრის ახლო ნათესავია. იმ დროისთვის თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იყო.

სუს-ის მტკიცებით, გამოძიებამ გამოავლინა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც სამედიცინო აპარატურის შესყიდვისას უწყებას 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელთაგან ნაწილს შესყიდვების კომისიაში საკვანძო პოზიციები ეკავათ, ისე წარმართეს პროცესი, რომ კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ წინასწარ შერჩეულ, ურთიერთდაკავშირებულ კომპანიებს მიეღოთ“, - განაცხადა გაგნიძემ.

მისი თქმით, შესყიდვების პროცესში გამოყენებული იყო ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, მოჩვენებითი გარიგებები და ფიქტიური ფასების გაზრდა. შედეგად, სამინისტრომ სამედიცინო აპარატურა საბაზრო ფასზე ბევრად ძვირად შეიძინა.

სუს-ის ინფორმაციით, ვ.მ. წინასწარ არჩეულ კომპანიებს ტენდერში გამარჯვებას ჰპირდებოდა და თავისი კავშირებით მანიპულირებდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც სუს-ში ამბობენ, გამოძიება გრძელდება და შესაძლოა, საქმეში დამატებითი პირებიც ფიგურირებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები