თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს კორუფციაში ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებსა და იმჟამინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი ფორმა, პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს, საქმეში მოიპოვება როგორც მოწმეთა ჩვენებები, ისე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ტომოგრაფიის აპარატის რეალურ ღირებულებას ასახავს. მისი თქმით, ბრალდებულთა ქმედება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას უკავშირდება, რაც პატიმრობის გამოყენების საფუძველს ქმნის.
წინასასამართლო სხდომა 17 სექტემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
ბრალდების თანახმად, თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ, ტომოგრაფიის აპარატის შესყიდვის პროცესში, კონკურენტული გარემოს ხელოვნურად შეზღუდვით, აპარატის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს. ამ გზით, პროკურატურის მტკიცებით, მათ სახელმწიფოს 1 333 728 ლარის ზიანი მიაყენეს.
ხაინდრავასა და ღუდუშაურს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვა, მხეიძეს კი, ამ დანაშაულში დახმარება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე ბრალს არ აღიარებენ.




























