ფასდაკლებული 13 სასურსათო პროდუქტის პლატფორმაზე ekalata.gov.ge რითეილერების მონაწილეობა ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია,- ამის შესახებ რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელმა, სოფო ქაშაკაშვილმა, BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა.
მისი თქმით, პლატფორმის ამოქმედების შემდეგ გაჩნდა კითხვები, იყო თუ არა მასში ჩართვა ბიზნესისთვის სავალდებულო, თუმცა, როგორც ის განმარტავს, ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში დგება, თუ კონკურენციის სააგენტო კომპანიას ფასების მიწოდებას ოფიციალურად, წერილობით მოსთხოვს.
"კომუნიკაციამ ბევრი კითხვა გააჩინა, მათ შორის იყო თუ არა ეს ვალდებულება. დღეს ეს საკითხი დაზუსტდა. თუ კონკურენციის სააგენტო, რომელიც ჩვენი სექტორის ერთ-ერთი მთავარი მაკონტროლებელი უწყებაა, წერილობით მიმართავს რომელიმე ბიზნესს, ფასების მიწოდება, რა თქმა უნდა, სავალდებულოა. თუმცა, რადგან ჩვენ თავიდანვე ნებაყოფლობით ჩავერთეთ ამ პროცესში და თავად ავიღეთ ინიციატივა, ასეთი ოფიციალური მიმოწერა და ვალდებულების ფორმა არ ჩამოყალიბებულა", - განაცხადა სოფო ქაშაკაშვილმა.
მისივე შეფასებით, პლატფორმაზე ყველა მსხვილი ქსელური მარკეტის არყოფნაც ადასტურებს, რომ სახელმწიფოსა და რითეილ სექტორს შორის სავალდებულო ფორმატის ურთიერთობა ამ ეტაპზე არ არსებობს.
"ამ ეტაპზე გარკვეული მსხვილი ქსელური მარკეტები პლატფორმაზე ჯერ არ არიან გაერთიანებული. შესაბამისად, ეს მიუთითებს, რომ სახელმწიფოსა და რითეილ სექტორს შორის დავალდებულების ფორმა ამ ეტაპზე არ არსებობს. თუმცა, რადგან პლატფორმა კონკურენციას მნიშვნელოვნად ზრდის, უკვე ორ დღეში ვნახეთ, რომ ჩვენი ასოციაციის წევრებმა თავიანთი შეთავაზებები გადაამუშავეს და მომხმარებლებს კიდევ უფრო საინტერესო პირობები შესთავაზეს. ვფიქრობ, სხვა ქსელურ მარკეტებსაც გაუჩნდებათ ინტერესი, ამ პლატფორმაზე გამოჩნდნენ", – აღნიშნა მან.
კითხვაზე, თუ რატომ არ გამოიჩინა ასოციაციამ კომისიამდე ინიციატივა, რომ კერძო პორტალებთან ეთანამშრომლა, ქაშაკაშვილი ამბობს, რომ მათ შესახებ თავადაც მხოლოდ ekalata.gov.ge-ს ამოქმედების შემდეგ გაიგო.
"ალბათ ამ პლატფორმებს მეტი პოპულარიზაცია აკლდათ. მეც მათი არსებობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც „ეკალათი“ ამოქმედდა. შესაძლოა, ჩვენი წევრები მათთან თანამშრომლობდნენ, თუმცა რა ფორმით, რამდენად ინტენსიურად ან კომერციული იყო თუ არა ეს ურთიერთობა, ნამდვილად არ ვიცი", – განაცხადა რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, სახელმწიფო პლატფორმის მთავარი უპირატესობა მისი სანდოობა და ანალიტიკური შესაძლებლობებია, როგორც ბიზნესისთვის, ისე სახელმწიფო უწყებებისთვის.
"ეს არის საჯარო პლატფორმა, რომელიც ანალიტიკის შესაძლებლობას აძლევს როგორც ბიზნესს, ისე სახელმწიფო სტრუქტურებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის უტყუარი და საიმედო სისტემა. კონკურენციის სააგენტოს აქვს ვალდებულება, მუდმივად აკონტროლოს, რომ პლატფორმაზე მითითებული ფასები და მაღაზიებში არსებული ფასები ერთმანეთს ემთხვეოდეს. აცდენის შემთხვევაში კი შესაბამისი სანქციებიც არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, ნებისმიერი რითეილერისთვის მნიშვნელოვანია რეპუტაციული პასუხისმგებლობაც", - განაცხადა ქაშაკაშვილმა.
როგორც ის განმარტავს, ფასების არასწორად მიწოდებისთვის სანქციები ახალი არ არის და მოქმედ კანონმდებლობაში უკვე რამდენიმე წელია არსებობს: "ეს ჯარიმები ისედაც არსებობს. თუ კონკურენციის სააგენტო წერილობით მოგვმართავს და კონკრეტული ფასების მიწოდებას მოგვთხოვს, ხოლო მიწოდებული ინფორმაცია რეალობას არ დაემთხვევა, ამისთვის სანქციაა გათვალისწინებული. თუ არ ვცდები, ეს 2022 წლიდან მოქმედებს, როდესაც სააგენტოს ჩვენი სექტორის მონიტორინგი დაევალა", – აღნიშნა მან.
ქაშაკაშვილის თქმით, არც მისი ასოციაციის წევრებისთვის და, სავარაუდოდ, არც სხვა ქსელური მარკეტებისთვის რომელიმე სახელმწიფო უწყებას პლატფორმაში ჩართვა იმპერატიული ფორმით არ მოუთხოვია.
"ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას იმპერატიულად არ მოუთხოვია პლატფორმაში მონაწილეობა. როგორც ჩანს, არც სხვა ქსელური მარკეტებისთვის, რადგან დღეს პლატფორმაზე სწორედ ჩვენი ასოციაციის წევრები არიან წარმოდგენილი", – განაცხადა სოფო ქაშაკაშვილმა.
საქართველოში ფასდაკლებული პროდუქტების სამთავრობო პორტალი ekalata.gov.ge ფასების საპარლამენტო კომისიის დასკვნის შესაბამისად ჩაირთო. ვებსაიტი ამ ეტაპზე 12 სუპერმარკეტის ფასდაკლებული პროდუქტების ნუსხას აერთიანებს. პლატფორმის დამზადება 53 ათასი ლარი დაჯდა და აღნიშნული თანხა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. დადგენილი წესით, პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებულები იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიურად განახლდება.




























