ბასკური და მექსიკური კერძების ობიექტი „ესპანოლა“ უკვე ერთი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს, თუმცა, აქამდე მოსასვლელად იდეის ავტორებს დიდი დრო და ცვლილებები დასჭირდათ, - ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში ბრენდის ხელმძღვანელმა მარიამ გოგოჭურმა ისაუბრა.
„ესპანოლა", თამამად შეგვიძლია ვთქვათ, პირველი ბასკური და მექსიკური სამზარეულოა, მისი შექმნის იდეაც სწორედ ეს იყო, შეგვექმნა ახალი და საინტერესო კონცეფციის კვების ობიექტი, ერთი წლის წინ ცოტა გაუგებარი იყო სტუმრებისთვის ახალი სამზარეულო, აქ არ იყო პოპულარული მექსიკური და ბასკური სამზარეულო, ამიტომ თავის დასამკვიდრებლად დრო და ბევრი ცვლილება დაგვჭირდა“, - განმარტა მან.
ამასთან, ხელმძღვანელი დღევანდელ დამოკიდებულებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილი რჩება.
„მომხმარებელი სასიამოვნოდ გაოცებული რჩება პირველივე სტუმრობისას. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი რეცეპტები მადრიდიდან ჩამოვიტანეთ, საბოლოოდ მაინც მოვარგეთ ქართულ რეცეპტორებს და შეიქმნა სრულყოფილი პროდუქტი“, - დასძინა მან.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მარიამ გოგოჭური აღნიშნავს, რომ გეგმები ბევრია. „ჩვენ სულ ვცდილობთ განვითარებასა და მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებას, ამ ეტაპზე ფილიალი არ გვაქვს, მაგრამ ძალიან მალე მომხმარებელს სასიამოვნო ამბებით დავუბრუნდებით“, - ამბობს ის.
ცნობისთვის, „ესპანოლა“ გასულ წელს დაარსდა, ობიექტი ბაზარი ორბელიანის მეორე სართულზე მდებარეობს და ის 10 ადამიანს ასაქმებს.