მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თავისუფლების ფონდმა" საპროტესტო აქციების მონაწილეთა ₾126 ათასის ჯარიმები დაფარა - დამფუძნებელი

დავით ჯინჭარაძე

"თავისუფლების ფონდს", რომელიც 30 აპრილს მშვიდობიან პროტესტში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა და დიდ ბრიტანეთშია რეგისტრირებული, კრიპტო-გადარიცხვა დაემატა.

როგორც ფონდის დამფუძნებელი, დავით ჯინჭარაძე "საქმიანი დილას" ეთერში განმარტავს, ამ ინიციატივის მიზანია, შემსუბუქდეს წნეხი კერძო ბიზნესებზე, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" ღია კონფრონტაციაში შესვლას ერიდებიან.

ჯინჭარაძე აღნიშნავს, რომ ორი თვის განმავლობაში ფონდში შესულ დონაციათა ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური პირებისგან ხორციელდება და არა - კომპანიებისგან.

"როდესაც ფონდი შევქმენით, პირველ დღეებშივე იყო საუბარი იმაზე, რომ “ქართული ოცნება”, თუკი პირდაპირ ვერ აკრძალავდა ფონდში გადმორიცხვას, მაშინ ადამიანებისა და ბიზნესებზე გარკვეული სახის ზეწოლას მაინც მოახდენდა. ამიტომ ვფიქრობდით, რატომაც არ დაგვემატებინა ფონდში კრიპტო-გადარიცხვის შესაძლებლობა?! პირველ ეტაპზე ძალიან ბევრი იურიდიული და ტექნიკური საკითხი იყო მოსაგვარებელი იმისთვის, რომ ფონდი საერთოდ დარეგისტრირებულიყო და ჰქონოდა გადარიცხვის ის მეთოდები, რომლებიც უფრო ტრადიციულია.

შემდეგ უკვე, როცა ვნახეთ, რომ ბიზნესის მხრიდან იყო საკმაოდ დაბალი აქტივობა - გადარიცხვების 99% მოქალაქეებისგან მოდის ინდივიდუალურად და მცირე თანხებით დიდი თანხა გროვდება - ვიფიქრეთ, ხომ არ იქნებოდა დამატებითი მოტივაცია და შესაძლებლობა, ბიზნესისთვის დაგვემატებინა კრიპტო-გადარიცხვის დაცული ფუნქცია, რომელიც ასევე ანონიმურია. არჩევანი შევაჩერეთ Proton-ის დაცულ ანგარიშზე. ფუნქციის დამატებიდან მეორე დღესვე გადმოირიცხა ფონდში კრიპტო. ეს იმედის მომცემია, რადგან გათვლაა იმაზე, რომ იქნებ ბიზნესებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ერიდებიან "ქართულ ოცნებასთან" ღია კონფრონტაციას, შეძლონ გადარიცხვების გაკეთება", - განმარტა დავით ჯინჭარაძემ.

"თავისუფლების ფონდის" დამფუძნებელმა ფონდის ორთვიანი საქმიანობაც შეაჯამა. როგორც მან აღნიშნა, 30 აპრილიდან დღემდე ორგანიზაცია 110-მდე ადამიანს დაეხმარა პროევროპულ აქციებზე მიღებული ჯარიმების გასტუმრებაში.

"30 აპრილიდან დღემდე უკვე 126.670 ლარი გადმოირიცხა საქართველოში - მთელი თანხა, რაც შეგროვდა. ფონდში ამ მომენტისთვის 40 ლარია დარჩენილი. საერთო რიცხვი არის 110 ადამიანი, ვისაც დავეხმარეთ. ტრანზაქციების არის ძირითადად მოქალაქეებისგან, 300 ადამიანზე მეტი გვირიცხავს თანხებს სხვადასხვა მეთოდით, ხელმისაწვდომია Paypal-ის, Wise-ის, Payzera-ს ტრანზაქციები, GoFundMe-იც. ყველა ეს ტრანზაქცია ხორციელდება საქართველოს გარეთ, ბრიტანული ან ლიტვური ბანკის ანგარიშიდან, შესაბამისად, ტრანზაქციებზე კონტროლი მმართველ პარტიას არ აქვს. რისკები თავიდანვე იყო გადაზღვეული და ეს არ არის ბიუჯეტის შევსების გზა", - განაცხადა დავით ჯინჭარაძემ.

მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრმა "თავისუფლების ფონდი" მას შემდეგ შექმნა და უცხოეთში დაარეგისტრირა, რაც საქართველოში რეგისტრირებულ ფონდებს ყადაღა დაედოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები