ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინო“ 2026 წელს პრემიალური კატეგორიის მიმართულებით განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე მარგველაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება გლობალურ ტენდენციებს ეფუძნება, რაც მსოფლიოში ღვინის ჭარბ წარმოებასა და მოხმარების შემცირებას უკავშირდება.
„მსოფლიო ტენდენციების ფონზე, როცა ერთდროულად ჭარბი წარმოება და მოხმარების შემცირება ფიქსირდება, ჩვენ კიდევ უფრო მკაფიოდ ვამახვილებთ ყურადღებას პრემიალურ ღვინოებზე, რომლებიც საუკეთესო ვენახებიდან იწურება და უკვე ჩვენი პორტფელის ნაწილია. ეს ღვინოები შერჩეული ვენახებიდან — გურჯაანის რეგიონში, შაშიანისა და ვაჩნაძიანის სოფლებში მდებარე კონკრეტული ნაკვეთებიდან იქმნება. სწორედ ამ ვენახებზე დაფუძნებული პრემიალური ღვინოები იქნება ჩვენი მთავარი აქცენტი როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე საერთაშორისო მასშტაბით“, – აცხადებს ალექსანდრე მარგველაშვილი.
მისივე თქმით, „თბილღვინოს“ უკვე ჰყავს ძლიერი პარტნიორები დიდ ბრიტანეთში, ხოლო ახალი თანამშრომლობები დაიწყო კანადაში. კომპანიის საექსპორტო სტრატეგია განვითარებულ ეკონომიკებზეა ორიენტირებული.
„ექსპორტის მიმართულებით აქცენტს ვაკეთებთ დასავლეთ ევროპაზე, ჩრდილო ამერიკაზე და შორეულ აზიაზე. საქართველოში კი ჩვენი მიზანია, მომხმარებელს კარგად გავაცნოთ, თუ როგორი მაღალი ხარისხის პრემიალური ღვინოები გვაქვს“, – აცხადებს ის.
ალექსანდრე მარგველაშვილის შეფასებით, ღვინის მოხმარების შემცირება და ჭარბი წარმოება განსაკუთრებით კოვიდის შემდეგ გამოკვეთილი გლობალური ტენდენციაა : „დღეს, [მსოფლიოში] საშუალო მომხმარებელი ნაკლებ ღვინოს სვამს ლიტრებში, მაგრამ უფრო მაღალ ღირებულებას და ხარისხს ანიჭებს უპირატესობას. ადამიანებს ურჩევნიათ დააგემოვნონ მაღალი ხარისხის ღვინოები და ნაკლებად მოიხმარონ იაფი პროდუქტი“, – განმარტავს იგი.
რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, "თბილღვინოს" მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მოხმარების მკვეთრი შემცირება ჯერ არ შეინიშნება, თუმცა სტრუქტურა ეტაპობრივად იცვლება.
„სტატისტიკის მიხედვით, 30 ლარამდე ღირებულების ღვინო უფრო მეტად იყიდება, რაც ბუნებრივია, ვინაიდან მოთხოვნა დაბალ ფასიან პროდუქტზე უფრო მეტია. თუმცა ბოთლირებული ღვინის მიმართ საქართველოშიც ინტერესი მზარდია. დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო ამ კულტურის ჩამოყალიბება – ღვინის ბარებში, რესტორნებში თუ სახლში მირთმევის ტრადიცია. მიუხედავად უძველესი მეღვინეობის ისტორიისა, თანამედროვე ღვინის მოხმარების კულტურა დღეს ყალიბდება“, – ამბობს ის.
რაც შეეხება გაყიდვებს, ამ თვალსაზრისით, მარგველაშვილი ამბობს, რომ კომპანიისთვის ყველაზე აქტიური პერიოდი დეკემბრის მეორე ნახევარია: „დეკემბრის ბოლოს გაყიდვები პიკს აღწევს – ღვინო ხშირად ყიდულობენ როგორც საჩუქრად, ისე პირადი მოხმარებისთვის. ამ პერიოდში, განსაკუთრებით გაიზარდა ცქრიალა ღვინოების მოთხოვნა, რაც ჩვენთვის ახალი მიმართულებაა. ახალი წლის შემდეგ კი შედარებით წყნარი ეტაპი დაიწყო“, – განმარტავს მარგველაშვილი.
მისივე შეფასებით, გასული წელი კომპანიისთვის საერთო ჯამში პოზიტიური იყო, თუმცა არაერთი გამოწვევით.
„ბიზნესშიც და მეღვინეობაშიც ყოველ წელს განსხვავებულ გამოწვევებს ვხვდებით. მნიშვნელოვანია, შევძლოთ მათთან ადაპტაცია. მეღვინეობაში განსაკუთრებული როლი აქვს სეზონურობასა და კლიმატურ პირობებს – კლიმატის ცვლილებების ფონზე მთავარი გამოწვევაა, როგორ შევქმნათ საუკეთესო ხარისხისა და სტილის ღვინო“, – აცხადებს ალექსანდრე მარგველაშვილი.




























