"თბილღვინო" შემოდგომაზე, თბილისში ღვინის ბარის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში კომპანიის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე მარგველაშვილმა განაცხადა.
"ჩვენ თავიდან პლატფორმა The Wine მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ავამოქმედეთ. ახლო მომავალში, შემოდგომაზე კი გავხსნით ფიზიკურ მაღაზიას, ანუ ფიზიკური ღვინის ბარს. ეს იქნება ადგილი, სადაც შეგიძლიათ ადგილზე იყიდოთ ღვინო, ასევე დაბრძანდეთ და მიირთვათ ღვინოები", - ამბობს მარგველაშვილი.
მისივე თქმით, The Wine-ზე ამჟამად ქართულის ჩათვლით ხუთი ქვეყნის ღვინოა, წლის ბოლომდე კი კიდევ ორი ქვეყნის დამატება იგეგმება.
"გვინდა, რომ ქართულ საზოგადოებას საქართველოს ბაზარზე საუკეთესო უცხოური ღვინოების გასინჯვის შესაძლებლობა მივცეთ და ასევე გვქონდეს წვდომა უმაღლესი ხარისხის უცხოურ ღვინოებზე, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული სტილისაა, ყოველთვის კარგია შედარება ჩვენს ქართულ ღვინოებთან. დაახლოებით ოთხმოცამდე ღვინო გვაქვს უკვე", - განაცხადა მარგველაშვილმა.




























