მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი - ბათუმს შორის სუბსიდირებული ფრენების შესრულება 2 ავიაკომპანიას სურს

თვითმფრინავი

თბილისი - ბათუმს შორის სუბსიდირებული ფრენების შესრულება 2 ავიაკომპანიას სურს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებულ 1.98 მილიონიან ტენდერში წინადადებები „ჯორჯიან ეარვეისმა“ და „ჯეო სქაიმ“ წარადგინეს.  „ჯორჯიან ეარვეისის“ შეთავაზების ფასი 1 708 437 ლარია. იგივე მომსახურებაში „ჯეო სქაი“, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაიწყო თბილისი-ბათუმი-თბილისის ავიარეისების შესრულება, 1 453 982 ლარს ითხოვს.  ამ ეტაპზე სატენდერო კომისიამ  წინადადებების განხილვა უნდა დაიწყოს და გამარჯვებულთან კონტრაქტი გააფორმოს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თბილისი - ბათუმი - თბილისი ავიარეისების სუბსიდირებისთვის ახალ ტენდერი 30 აგვისტოს გამოაცხადა.

პირობის მიხედვით, შერჩეულ ავიაკომპანიას სულ მცირე  ერთი, არანაკლებ 50 ადგილიანი თვითმფრინავი უნდა ჰყავდეს.  მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება შესაბამისი მომსახურების დაწყების თარიღიდან, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

შესასრულებელი რეისების საორიენტაციო რაოდენობა კვირაში  არაუმეტეს 5 რეისია. მომსახურების ღირებულება შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ანაზღაურდეს შემდეგი წესით:

o ერთი ადგილის ღირებულება - არაუმეტეს, 58 აშშ დოლარი;

o მაქსიმალური ასანაზღაურებელი ადგილების რაოდენობა რეისზე, თითო მიმართულებით 100 ადგილი, ჯამურად ორივე მიმართულებით - 200 ადგილი;

o ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მაქსიმალური ასანაზღაურებელი ადგილების რაოდენობა, ყველა რეისზე და ორივე მიმართულებით ჯამში - 13,000 ადგილი;

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე თბილისი-ბათუმის ავიარეისებს, სახელმწიფო სუბსიდიით,  „აკ-ეარ ჯორჯია“ ახორციელებდა, რომელსაც შიდა ფრენების შესრულებაზე აეროპორტების გაერთიანებამ  ხელშეკრულება 2023 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ამ პერიოდში „აკ-ეარ ჯორჯიას“ საშუალება მიეცა  თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისების ნაცვლად,  ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის რეისები შეასრულოს.

ივლისიდან ქართულ საავიაციო ბაზარზე შიდა ფრენები ახალმა ავიაკომპანია Georgian Wings-მა დაიწყო. ის საჰაერო სატვირთო ავიაკომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულებაა.  Georgian Wings-ი 70-ადგილიანი საჰაერო ხომალდით 31 ივლისიდან ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კვირაში 12 სიხშირით ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები